დღეიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი. როგორც რადიო თავისუფლებას „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს, ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან.
„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის "მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.
გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება.
ასევე ნახეთ ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში კიდევ 100 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდებაბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებით აშენდა. პროექტი მოიცავს ყარსი- ახალქალაქის 98-კილომეტრიან ახალ მაგისტრალს, რომლის 68 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კი - საქართველოს. გარემონტდა ახალქალაქი-თბილისის გზის მონაკვეთიც.
რკინიგზა სატესტო რეჟიმში მუშაობს 2017 წლის ოქტომბრიდან. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მონაკვეთის მშენებლობისთვის 775 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტი აიღო.
2019 წელს რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ანკარაში ხელი მოაწერეს მემორანდუმს „რუსეთის რკინიგზის“ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან შესაძლო მიერთების შესახებ. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რკინიგზა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პროექტია და ნებისმიერი სხვა მონაწილის ჩართვა სამივე ქვეყანასთან უნდა შეთანხმდეს.