დღეიდან ამოქმედდა პუტინის გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ

საილუსტრაციო ფოტო: რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარი, ზემო ლარსი

დღეიდან, 15 მაისიდან, ოფიციალურად ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება, საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 90 დღით რუსეთში უვიზოდ ყოფნა.

პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა. პირდაპირი ავიარეისები შესაძლოა, 16 მაისიდან განახლდეს.

ასევე ნახეთ როგორ იყენებს რუსეთი ვიზებს, მიმოსვლას, ვაჭრობას ბერკეტად - ფაქტები საქართველოს ახლო წარსულიდან
  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
ასევე ნახეთ რუსეთში ჩემოდნებს ალაგებენ, საქართველოს პარტნიორები აფრთხილებენ