კვირას უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხელთ იგდეს მტრის ათზე მეტი პოზიცია უკრაინის ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე, გაწმინდეს ივანოვსკის მახლობლად ტყის მნიშვნელოვანი ფართობი და ტყვედ აიყვანეს სხვადასხვა სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები, - წერს ტელეგრამის არხში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი.
ამასთან, მალიარის თქმით, თავად ბახმუტში ვითარება ძალიან რთულია.
"მტერმა იქ მთელ ძალებს მოუყარა თავი და ცდილობს წინსვლას, ყველაფერს ანადგურებს თავის გზაზე. გრძელდება გააფთრებული ბრძოლები", - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
12 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე ოფიციალურად აღიარა უკრაინის დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარე პოზიციებიდან უკან დახევა და რუსეთის არმიის მიერ ბერეხოვკის წყალსაცავთან „უფრო ხელსაყრელ“ პირობებში „ახალი მიჯნის“ დაკავება.
ასევე ნახეთ
გარღვევა დიდი კონტრშეტევის წინრუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 9 მაისს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა კონტრშეტევა დაიწყეს, ბახმუტის შემოგარენში 3კმ² ტერიტორია დაიბრუნეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელთა 72-ე ბრიგადა კი ბრძოლის ველიდან გაიქცა.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.