ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ე.წ საზღვრის დარღვევის შემთხვევების შესახებ, რომლის მიხედვით, 2023 წლის აპრილის სტატისტიკით, დე ფაქტო "კაგებეს" სასაზღვრო სამსახურმა ე.წ საზღვრის და სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი 45 პირი დააკავა.
მათგან 21 ე.წ საზღვრის, 24 კი ე.წ სასაზღვრო ზონის რეჟიმის დამრღვევია. მათივე ცნობით, 25 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 3 პირს - ჯარიმა და დე ფაქტო რესპუბლიკიდან გაძევება. ამ კატეგორიაში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეები, დანარჩენების მიმართ კი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.
ეს სტატისტიკა უჩვენებს, რომ ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები უფრო ხშირად ჩნდებიან ე.წ საზღვართან, ვიდრე მოსაზღვრე ქართული სოფლების მოქალაქეები, სადაც მათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აკავებენ.
ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმს ე.წ საზღვრის დაცვის ორი ფორმატი აქვს: ერთია უშუალოდ ე.წ საზღვრის დაცვა (თბილისში ამას ოკუპაციის ხაზს უწოდებენ) და მეორე - ე.წ სასაზღვრო ზონების დაცვა.
ასეთ ზონებში ის სოფლები შედის, რომლებიც ოკუპაციის ხაზთან მდებარეობს და სადაც სტუმრად ჩასულებს სპეციალური ნებართვები სჭირდებათ. ამიტომ, დე ფაქტო "კაგებე" ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ ე.წ სასაზღვრო ზონებში ვიზიტისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთები და ნებართვები.
დე ფაქტო "კაგებეს" სასაზღვრო სამსახური ეკონომიკური საქმიანობის ნებართვებსაც ითხოვს.
„სასაზღვრო სამსახური ასევე შეახსენებს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს და სახელმწიფო დაწესებულებებს, რომ რესპუბლიკის სასაზღვრო ზონაში მდებარე ტერიტორიებზე სახნავი და სხვა სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდის დაწყებისთანავე აუცილებელია საბუთების წინასწარ წარდგენა ეკონომიკური საქმიანობის ნებართვის მისაღებად. ნებართვები გაიცემა სასაზღვრო დაცვის სამსახურში“, - წერია დე ფაქტო "კაგებეს" განცხადებაში.
ეს იმას ნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ზონებშიც ამკაცრებს კონტროლს.
ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 13 მაისს გაათავისუფლეს გამყოფი ხაზისპირა სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები გიორგი ტერაშვილი.
11 მაისს გიორგი ტერაშვილი სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა, ნახირი საოკუპაციო ხაზს მიღმა გადავიდა და იგი მას დაედევნა, რა დროსაც გიორგი ტერაშვილი საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.
ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან მეჯვრისხეველი მწყემსი გაათავისუფლესტერაშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საპოლიციო საგუშაგოსთან გადასცეს.
„გიორგი ტერაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - წერია სუსის განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში ამჟამად საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა სასჯელს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იხდის.