ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროსასამართლო არ დათანხმდა სააკაშვილის უცხო ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაყვანის მიზნით, ევროსასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა.

ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას არ მიადგა რეპუტაციული ზიანი, იმ დროს, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება.

„მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 12 მაისს, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

ასევე ნახეთ სტრასბურგმა სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში დაუყოვნებლივ გადაყვანაზე - ამბობს იუსტიციის მინისტრი
ასევე ნახეთ გიული ალასანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის პროცესი, გადავდივართ მეორე ეტაპზე
ასევე ნახეთ ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება - სააკაშვილი

​პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაუდებელი ღონისძიების გამოყენებაზე განაცხადი ერთი თვის წინ, 11 აპრილს, გაიგზავნა.

მანამდე თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, არ გაიზიარა ადვოკატების პოზიცია და არ გადაუვადა მიხეილ სააკაშვილს სასჯელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე 2 მარტს გახდა ცნობილი. ამას წინ უსწრებდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. პირველმა ინსტანციამ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

ასევე ნახეთ რით ასაბუთებს მოსამართლე არევაძე სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე უარს - განჩინების დეტალები

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.