ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება - სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ "სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება". სააკაშვილის განცხადება მისსავე ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

"ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება. მე მინდა, ყველა ჩემმა მომხრემ და საერთოდ საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა გაიაზროს, რომ უკვე თითქმის ორი წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით, სრულიად უდანაშაულოს.

ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო და მყარად შემოვატრიალე ის ევროკავშირისა და ნატოსკენ. ახლა ამას ყველაფერს დიდი საფრთხე ემუქრება და ამიტომაც ვყავარ პუტინის ბრძანებით ციხეში", - წერია განცხადებაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ასევე მოუწოდებს ქართველებს მსოფლიოსა და საქართველოში, "უფრო ხმამაღლა ამოიღონ ხმა ამ უსამართლობაზე!"

"მინდა, რომ საქართველომაც კიდევ უფრო ხმამაღლა ამოიღოს ხმა ჩემი, ნიკას, ლაზარეს, ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულის თავისუფლებისთვის.

მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ იქნება მხოლოდ უკრაინის იმედზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ გიული ალასანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის პროცესი, გადავდივართ მეორე ეტაპზე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 12 მაისს, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

ასევე ნახეთ სტრასბურგმა სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში დაუყოვნებლივ გადაყვანაზე - ამბობს იუსტიციის მინისტრი

​პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაუდებელი ღონისძიების გამოყენებაზე განაცხადი ერთი თვის წინ, 11 აპრილს, გაიგზავნა.

მანამდე თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, არ გაიზიარა ადვოკატების პოზიცია და არ გადაუვადა მიხეილ სააკაშვილს სასჯელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე 2 მარტს გახდა ცნობილი. ამას წინ უსწრებდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. პირველმა ინსტანციამ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველსავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.