პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას. საკითხი ეხება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის წესის ცვლილებას, რის შესახებ კანონპროექტიც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს.

"უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები. სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან.

პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს", - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტით, იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში - მის ნაცვლად საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით (100 დეპუტატით), მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

ასევე ნახეთ "ოცნების" კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს - სიორიძე