ლაზარე გრიგორიდისის სასამართლო პროცესი 18 მაისს ჩაინიშნა

მარტის აქციების მონაწილის, პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა 18 მაისს, 11 საათზე ჩაინიშნა. ამ საქმეს მოსამართლე ზვიად შარაძე განიხილავს. 2019 წლიდან იგი უვადოდ არის განწესებული, საპენსიო ასაკის მიღწევამდე.

გახმაურებული საქმეებიდან ზვიად შარაძე განიხილავდა "კარტოგრაფების საქმეს". ამ საქმეზე მან დაცვის მხარეს უარი უთხრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწმის სახით სასამართლოში გამოკითხვაზე და 2020 წლის 30 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა ორივე ბრალდებული მაშინ, როცა დაცვა მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. საბოლოოდ კარტოგრაფების საქმის ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი მაინც შეეცვალათ 2021 წლის 28 იანვარს.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო იმის გამო, რომ ადვოკატებს გასაჩივრებული აქვთ გადაწყვეტილება, რომლითაც მათ სასამართლომ უარი უთხრა სახის ამომცნობი ექსპერტიზის ჩატარებაზე სამხარაულის ეროვნულ ბიუროში.

ასევე ნახეთ ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას). მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, 1 მაისს, აღკვეთის ღონისძიების გადახედვისას, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე ნახეთ რატომ არის ლაზარე "იდეალური დამნაშავე"

7-9 მარტის აქციებზე სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით სასამართლო განიხილავს კიდევ ერთი დემონსტრანტის, თორნიკე აკოფაშვილის საქმეს. გამოძიება მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავება. თორნიკეს შემთხვევაში სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად გირაო გამოიყენა.