პრიგოჟინი: "ვაგნერი" მიიღებს იარაღს ბახმუტისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად

ბახმუტი

რუსული გასამხედროებული დაჯგუფების, "ვაგნერის", დამაარსებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ კვირას ღამით მიიღო "საბრძოლო ბრძანება", რომელიც ითვალისწინებს საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალების და იარაღის მიწოდებას უკრაინის ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად.

ტელეგრამით გავრცელებულ მის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "ვაგნერსა" და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის შუამავალი იქნება გენერალი სერგეი სუროვიკინი, არმიის გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილე.

მანამდე პრიგოჟინი იუწყებოდა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მებრძოლები 10 მაისის შემდეგ ბახმუტს დატოვებდნენ, საბრძოლო მასალების ნაკლებობის გამო. ამაში ის ბრალს სდებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, პირადად მინისტრს, სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს.

არმიის მეთაურთა მიმართ მკვეთრი გამონათქვამების შემცველი ვიდეომიმართვა პრიგოჟინმა ჩაწერა რამდენიმე ათეული გვამის ფონზე და თქვა, რომ ესენი იყვნენ ბახმუტში მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში დაღუპული "ვაგნერის" მებრძოლები.

6 მაისს, საღამოს, პრიგოჟინმა გამოაქვეყნა დეტალური ტექსტი "ვაგნერისა" და თავდაცვის სამინისტროს კონფლიქტის შესახებ. ტექსტში აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს ქმედებების გამო "ვაგნერი" დიდ დანაკარგს განიცდიდა.

ასევე ნახეთ „ვაგნერი“ 10 მაისს ბახმუტს დატოვებს, ამბობს პრიგოჟინი

ამის პასუხად ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა საომარი სუბორდინაციის ფარგლებში პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, მიმართა და წერილობით მოითხოვა ბახმუტში ჩეჩნური სპეცრაზმის, "ახმატის" გადაყვანა.

ბახმუტი უკრაინის აღმოსავლეთში მდებარეობს და მისთვის უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლა.