პრიგოჟინი აცხადებს, რომ მზადაა ბახმუტში პოზიციები "კადიროველებს" დაუთმოს

ევგენი პრიგოჟინი, გასამხედროებული დაჯგუფების, "ვაგნერის" დამაარსებელი

რუსული გასამხედროებული დაჯგუფების, "ვაგნერის" დამაარსებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მზადაა ბახმუტში თავისი ფორმირების პოზიციები დაუთმოს ჩეჩნური ბატალიონის, "ახმატის" მებრძოლებს, - იუწყება პრიგოჟინის პრესსამსახური 6 მაისს.

სამსახური აქვეყნებს თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსადმი პრიგოჟინის მიერ მიწერილ ოფიციალურ წერილს, რომელშიც გამოთქმულია თხოვნა 10 მაისამდე უზრუნველყოფილი იყოს ბახმუტში "ვაგნერის" მიერ დაკავებული პოზიციების "ახმატისთვის" გადაცემა. პრიგოჟინი ასევე აცხადებს, რომ თითქოს ბახმუტში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ დარჩენილია "ორ კვადრატულ კილომეტრზე ოდნავ მეტი" - პრიგოჟინი დარწმუნებულია, რომ "ახმატი" შეძლებს ქალაქის დაკავებას.

5 მაისს ევგენი პრიგოჟინი აცხადებდა, რომ "ვაგნერის" მებრძოლები 10 მაისს ბახმუტს დატოვებდნენ. ამის მიზეზად ის ასახელებდა "შიმშილს მომარაგებაში". პრიგოჟინმა ვიდეომიმართვა გადაიღო ბახმუტში დახოცილი კერძო მებრძოლების გვამების ფონზე, რითაც, ფაქტობრივად, მათ დაღუპვაში დაადანაშაულა რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, ვალერი გერასიმოვი.

ასევე ნახეთ „ვაგნერი“ 10 მაისს ბახმუტს დატოვებს, ამბობს პრიგოჟინი

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა იმავე დღეს ტელეგრამით დაწერა, რომ "ახმატის" მებრძოლები მზად არიან ბახმუტში პოზიციების დასაკავებლად. გასული წლის გაზაფხულზე ჩეჩენთა ეს რაზმი მონაწილეობდა მარიუპოლზე მიტანილ იერიშში.

რუსეთის არმია დონეცკის რეგიონში მდებარე ბახმუტს უტევს გასული წლის შემოდგომიდან, თუმცა ქალაქზე სრული კონტროლის დამყარებას კვლავაც ვერ ახერხებს. პრიგოჟინი ირწმუნება, რომ ქალაქში მიმდინარე შეტაკებებში მხოლოდ "ვაგნერის" მეომრები მონაწილეობენ.