საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ქვეყანაში დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი. ბაჩა მგელაძემ, სუსის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტყუილია უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში შესაძლოა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს ამზადებდნენ.
"გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე. კომპლექსურად წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად მოპოვებულია მასალები და მტკიცებულებები, რითაც იკვეთება უცხო ქვეყნებში მიმდინარე ტერორისტული აქტივობები.
ჩვენ მიერ მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებულია ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები", - თქვა სუსის მაღალჩინოსანმა.
მანვე აღნიშნა, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციების ფორმები, მეთოდები და ინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ.
"ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე", - თქვა მან.
სუსის მაღალჩინოსანმა გამოძიების ინტერესებით ახსნა და არ დაასახელა იმ პირის მოქალაქეობა, რომელიც საქართველოში დააკავეს.
ასევე ნახეთ სუსი აცხადებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, მალხაზ პაქსაშვილი დააკავა ასევე ნახეთ ოჯახის წევრები და მეგობრები პაქსაშვილის "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირს უარყოფენ