ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო პლაკატების გამო 8 ახალგაზრდა დააკავეს

საპროტესტო ბანერი ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს, 4 მაისს, საინიციატივო ჯგუფის, „ҲАРАҲПИЦУНДА“-ს ("ჩვენი პიცუნდა") აქტივისტები სოხუმში საპროტესტო პლაკატების გამოფენის გამო დააკავეს.

ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, აქტივისტები დილით სოხუმის პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ, სადაც ახსნა-განმარტების დასაწერად დაიბარეს. სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს. დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ აქტივისტები გაათავისუფლეს. „ნუჟნაია გაზეტას“ თანახმად, მათ წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა ემუქრებათ.

"Რისთვის? მათი სამოქალაქო პოზიციის მშვიდობიანი გამოხატვისთვის. ციტატებისთვის. მოსაზრებისთვის. გარდა ამისა, ბანერები დაშალეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს. ისინი დანაშაულის იარაღს არ წარმოადგენდა, რადგან ჩვენ დანაშაული არ ჩაგვიდენია. ამ ინციდენტთან დაკავშირებით მოვუწოდებთ ჟურნალისტებს და საზოგადოების წევრებს, მიიღონ ზომები დემონსტრანტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი დაკავების გარემოებების გასარკვევად“, - წერენ მოძრაობის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში.

მანამდე აქტივისტებმა განაცხადეს, რომ "აპარტამენტების შესახებ ანტიაფხაზურ კანონს ეწინააღმდეგებიან - ისტორიული ცენტრებში უკანონო განაშენიანებას, ენერგოსისტემის მიზანმიმართულ ნგრევას."

ვიცით, რომ ისევ ოპოზიციას, დასავლეთს მიგვაწერენ, შეეცდებიან იარლიყების მოწებებას, დისკრედიტაციას. ჩვენ ზეწოლას და შესაძლო პროვოკაციას წავაწყდებით. მაგრამ ჩვენ მზად ვართ. ჩვენ მხოლოდ ერთ მიზანი გვაქვს - თავისუფალი და დამოუკიდებელი აფხაზეთი“, - აცხადებენ ისინი.

საპროტესტო პლაკატებზე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი „პრეზიდენტის“ ვლადისლავ არძინბას, მწერალ ფაზილ ისკანდერის და მოქმედი ლიდერის, ასლან ბჟანიას ციტატები („აფხაზეთში მიწის გაყიდვის რაიმე ფორმაზე საუბარი არ შეიძლება") ეწერა. იყო ასევე ახალგაზრდული მოძრაობის მოთხოვნები და ლოზუნგები (”ჩვენ ქვეყანა კაზინოში არ წაგვიგია, შეწყვიტეთ ფასდაუდებელი მიწების გასხვისება” და სხვა.)

ასევე ნახეთ აფხაზური ოპოზიცია „მინისტრთა კაბინეტის“ გადადგომას მოითხოვს

მანამდე საინიციატივო ჯგუფმა "ҲАРАҲПИЦУНДА“-მ რუსეთისადმი ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საწინააღმდეგო აქციაც მოაწყო.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე 6 გოგო და 2 ბიჭი დააკავეს. განყოფილებაში „პროფილაქტიკური საუბრის“ შემდეგ გოგოები გაათავისუფლეს, ბიჭების მიმართ კი საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა. დაკავებულებმა ადვოკატების გარეშე შესაბამის ოქმზე ხელმოწერაზე უარი განაცხადეს. საქმეში ადვოკატების ჩართვის შემდეგ ორი ახალგაზრდაც „სახლში გაუშვეს“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.