ოპოზიცია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტისგან, ასლან ბჟანიასგან, მოითხოვს, ორ კვირაში დაითხოვოს „მინისტრთა კაბინეტი“. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა ავრცელებს.
„თუ ორი კვირის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაური არ შეასრულებს ჩვენს ყველა მოთხოვნას და ხელს არ მოაწერს ანტიეროვნული მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქალაქ სოხუმში საპროტესტო აქციის თარიღს გამოაცხადებენ“ , - თქვა ვეტერანთა ორგანიზაციის, „არუაას“ ლიდერმა თემურ გულიამ.
„მთავრობის“ გადადგომასთან ერთად, ოპოზიცია მოითხოვს რუსეთისთვის ბიჭვინთის ობიექტების გადაცემაზე შეთანხმების გამოწვევას, რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური სფეროს საქმეებზე და საარბიტრაჟო დავებზე გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების გაუქმებას, ელექტროენერგიის სოციალურად ორიენტირებულ ტარიფზე დაბრუნებას, „აპარტ-სასტუმროებისა და ბინების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ“ კანონპროექტის მიღებაზე უარის თქმას.
განცხადება ექვსი პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის: "არუაას", „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“, „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“, "აფსნის", "აამთას" და "ახაცას" ლიდერებმა გააკეთეს.
დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი.
შეთანხმებას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ რატიფიცირება სჭირდება. შეთანხმების საგანია ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე "კაგებეს" მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მიწის 49 წლით იჯარით და მასთან ერთად ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის, გადაცემის საკითხსაც.
აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების წარმომადგენლები მიუღებლად მიიჩნევენ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულებას.