საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ჯეიმს აპატურაი, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, მონაწილეობა არ მიიღოს აშშ-ის სამხედრო წვრთნებში - "მცველი 23" - აპატურაიმ თქვა, რომ სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ ის მიესალმება მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში.
"რაც აქამდე წავიკითხე, მთავრობა ამბობს, რომ ეს აშშ-სთან კონსულტაციის შედეგად გაკეთდა. იმის თქმა შემიძლია, რომ ახლახან განვიხილე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან წვრთნების სერია, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს. წვრთნები ასევე უკავშირდება იმ სამუშაოს, რომელზეც ახლა ვმუშაობ. ეს არის კიბერ და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ვისაუბრეთ შემდგომ წვრთნებზეც, რომლის ჩატარებაც ერთად შეგვიძლია, მაგალითად, ენერგეტიკული მიმართულებით, ასევე კიბერ წვრთნა, რომელიც, იმედი მაქვს, ძალიან მალე დამტკიცდება, რათა საქართველომ მონაწილეობა მიიღოს. რომ შევაჯამოთ, ახლა ისეთ ვითარებაში ვართ, როდესაც სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გადაუდებელი და მნიშვნელოვანი გახდა. ამიტომ მე უბრალოდ წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში", - განაცხადა აპატურაიმ რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად.
სამხედრო წვრთნებში - "მცველი 23" - საქართველოს არმონაწილეობაზე დღეს, 3 მარტს, განცხადება გააკეთა აშშ-ის საელჩომ საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რესურსები მიმართონ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე.
ასევე ნახეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს აშშ-ის სამხედრო წვრთნებში - „მცველი 23“"მცველი 23" არის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების, უფრო ზუსტად კი აშშ-ის ევროპისა და აფრიკის არმიის ორგანიზებული სამხედრო სწავლება/წვრთნები, რომელიც ყოველ წელს ტარდება. წვრთნები ორი თვე გრძელდება - 22 აპრილიდან 23 ივნისამდე.
ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: ერთობლივად გადავწყვიტეთ, რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზეჯეიმს აპატურაიმ ასევე ისაუბრა თბილისში თავისი ჩამოსვლის ძირითად მიზეზებზე. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია საუბარი იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მეტის გაკეთება საქართველოს და NATO-ს.
"რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომელმაც ღრმა დესტაბილიზაცია მოახდინა რეგიონსა და ასევე ევროატლანტიკურ სივრცეზე უფრო ფართოდ, მნიშვნელოვანია, დემოკრატიულად მოაზროვნე ქვეყნები მჭიდროდ იდგნენ ერთმანეთთან, უფრო მეტად იმუშაონ ჩვენი უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, როგორც ნატოს სხვა მოკავშირეები. ჩემს გუნდთან ერთად ასევე ჩამოვედი სასაუბროდ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მეტის გაკეთება", - განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, შეხვედრებზე სხვა სფეროებში პრაქტიკული თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს. მათ შორის - ენერგო და კიბერუსაფრთხოებაზე.
"საქართველო და ეს რეგიონი მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოებისთვის. მესამე მიზეზი, რის გამოც აქ ვართ, არის რეფორმების განხილვა. მე ვიყავი პარლამენტში და შევხვდი პარლამენტარების გუნდს როგორც მთავრობიდან, ისე ოპოზიციიდან. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. დიდი პროგრესი იყო. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს გარკვეული რეფორმების იმპლემენტაციას", - თქვა აპატურაიმ.
მან ასევე საქართველოში ნატოს მაღალი დონის ვიზიტები დააანონსა.
ჯეიმს აპატურაი 2010-2019 წლებში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.