ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23-ში“(Defender 23), საქართველოს შეიარაღებული ძალების არმონაწილეობის საკითხზე განცხადება გამოაქვეყნა აშშ-ის საელჩომ საქართველოში. მასში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რესურსები მიმართონ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე.
„შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული.
2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს.
წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, „დამცველი 2023-ში" მონაწილეობაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმით, რომ მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.
საქართველო, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს არ მონაწილეობს ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23“(Defender 23).
„მცველი 23“ არის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების, უფრო ზუსტად კი აშშ-ის ევროპისა და აფრიკის არმიის ორგანიზებული სამხედრო სწავლება/წვრთნები, რომელიც ყოველ წელს ტარდება. წვრთნები ორი თვე გრძელდება - 22 აპრილიდან 23 ივნისამდე.