უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვი ამბობს, რომ უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლზე ე.წ.ღამის შეტევის შესახებ. ამის თაობაზე ნიკიფოროვმა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის შეტევების შესახებ, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას უკრაინა მიმართავს თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვებისაზე შესატევად. ცალკე, გასაკვირია ტერორისტული სახელმწიფოს ფორმულირება. ტერორისტული თავდასხმა არის დნეპრსა და უმანში სადარბაზოებიანად განადგურებული სახლები ან რაკეტა კრამატორსკის სადგურზე და მრავალი სხვა ტრაგედია. და რაც მოსკოვში მოხდა, აშკარაა, სიტუაციის გამწვავებაა 9 მაისამდე. მოსალოდნელი ილეთი ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან“, - განაცხადა ნიკიფოროვმა.
კრემლმა უკრაინა პუტინზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა.
ასევე ნახეთ კრემლმა უკრაინა პუტინზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულაკრემლის პრესსამსახურის ცნობით, 3 მაისის ღამით „კიევის რეჟიმს“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის კრემლის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის მცდელობა ჰქონდა.
„ორი უპილოტო საფრენი აპარატი მიმართული იყო კრემლისკენ. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების გამოყენებით დროული მოქმედებების შედეგად, აპარატები მწყობრიდან გამოიყვანეს. მათ ჩამოვარდნას და კრემლის ტერიტორიაზე ფრაგმენტების მიმოფანტვას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კრემლი მომხდარს „ტერორისტულ აქციად“ და „პრეზიდენტზე თავდასხმად“ აფასებს და აცხადებს, რომ „რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები იქ და მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის“.