უკრაინის არმიის სარდლობა ლიმანს, ბახმუტს, ავდეევკას და მარინკას ასახელებს ფრონტის იმ მიმართულებებად, სადაც რუსეთს ძირითადი ძალისხმევა აქვს კონცენტრირებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, ამ 4 მიმართულებით მოიგერიეს მოწინააღმდეგის 41 შეტევა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა.
გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 17 საავიაციო და 19 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 25-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გენშტაბის ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, დანგრეული და დაზიანებულია სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები და საავადმყოფოები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ 1 მაისს განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ მოიგერია რუსეთის 15 ფრთოსანი რაკეტა. მასირებულ სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონში. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ პავლოგრადში დაიღუპა 2 ახალგაზრდა და დაშავდა კიდევ 40 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანდა 100-ზე მეტი სახლი, 9 სასწავლო დაწესებულება და 5 მაღაზია.
უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმის შესახებ ისევ არაფერი უთქვამს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც 1 მაისს განაცხადა, რომ სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა ობიექტების დაკონკრეტების გარეშე მხოლოდ ის თქვა, რომ ყველა სამიზნე გაანადგურეს.
ასევე ნახეთ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, ხუთ თვეში უკრაინაში რუსეთის დანაკარგები 100 ათასს აღწევსუკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, უკრაინის ავიაციამ 7 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის თავმოყრის რაიონებზე და გაუნადგურა 3 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 6 რაიონი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.