Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, ხუთ თვეში უკრაინაში რუსეთის დანაკარგები 100 ათასს აღწევს


აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა ინფორმაცია ბოლო ხუთი თვის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის დანაკარგების შესახებ.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა ინფორმაცია ბოლო ხუთი თვის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის დანაკარგების შესახებ.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა ინფორმაცია ბოლო ხუთი თვის განმავლობაში უკრაინაში, მათ შორის ბახმუტის რაიონში რუსეთის დანაკარგების შესახებ. კირბის თქმით, ამერიკის სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, დეკემბრიდან რუსეთის პირადი შემადგენლობის საერთო დანაკარგი 100 ათასია, აქედან 20 ათასი დაღუპულია და მათი ნახევარი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერზე“ მოდის.

ჯონ კირბის შეფასებით, რუსეთის შეტევა ბახმუტში შეჩერდა და ჩაიშალა, იუწყება Reuters-ი.

კირბიმ უარი თქვა უკრაინის დანაკარგების შეფასებაზე: „აქ ისინი არიან მსხვერპლი, რუსეთი კი აგრესორია“, - მოჰყავს კირბის სიტყვები AFP-ს. მისი თქმით, თეთრი სახლი არ გამოაქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც ართულებს უკრაინისა და მისი არმიის მდგომარეობას.

ოფიციალური სტატისტიკის მოხმობა შეუძლებელია: რუსეთმა დაღუპულთა რიცხვი ბოლოს სექტემბერში გამოაქვეყნა. მაშინ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 5937 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა. ეს მაჩვენებელი უკვე მაშინ გამოიყურებოდა ხელოვნურად შემცირებულად.

BBC-მ პარტნიორებთან ერთად დაიანგარიშა იმ დაღუპულ რუს სამხედროთა რაოდენობა, რომელთა გვარები ღია წყაროებშია ხელმისაწვდომი. ასეთი დაანგარიშების შედეგები უკანასკნელად 28 აპრილს გამოქვეყნდა: მაშინ ცნობილი იყო 21700 დაღუპულის ვინაობა. მათგან 2200 მოხალისე იყო, 1312 – „ვაგნერის“ წევრი.

ყველა ეს მაჩვენებელი აშკარად არ ასახავს დაღუპულთა საერთო რაოდენობას.

XS
SM
MD
LG