“თაღლითობის გლობალური ქსელი” - BBC-ის ამ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში “ფორმულის” 51%-ის მფლობელმა დავით კეზერაშვილმა თქვა, რომ მზად არის უარი თქვას ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე.
ეს გადაწყვეტილება მან ტელეკომპანიის თანამშრომელთა “სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასის ასაწევად” მიიღო. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ბრალდებები სწორედ “ფორმულის” საკონტროლო პაკეტის მფლობელს მიემართებოდა - ბრიტანელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, როგორ აღმოაჩინეს, რომ იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფების კვალი, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.
ასევე ნახეთ რა წერია და რა რეაქციები მოჰყვა თაღლითურ სქემებზე BBC-ის გამოძიებას“[წილების გადაცემის] იდეა არის კარგი. ნებისმიერი გამოცემის რეპუტაცია დგას თანამშრომლების კვალიფიკაციაზე და მაყურებლის დამოკიდებულება მეტწილად შექმნილია მათ მიერ, ვინც არხზე მუშაობს. გადაარჩენს თუ არა ეს ცვლილებები იმ დამოკიდებულებებისგან ან კრიტიკისგან, რომელიც აქვს არხს, ძალიან რთულია წინასწარი პროგნოზი…” - ამბობს ნათია კაპანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენის” დამფუძნებელი.
18 აპრილისთვის, ანუ იმ მომენტისთვის, როდესაც დავით კეზერაშვილმა წერილობით განაცხადა, “მე უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს”-ო, საქართველოში გაცემულ მის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ვადა უკვე გასული ჰქონდა.
ასევე ნახეთ კეზერაშვილი აცხადებს, რომ უარს ამბობს "ფორმულის" საკონტროლო პაკეტზეეს ირკვევა ერთ-ერთი მოთხოვნით, რომელიც “ფორმულის” მეწილეებმა საჯარო რეესტრში შეიტანეს BBC-ის ფილმის გამოქვეყნებამდე 2 კვირით ადრე. მფლობელები ითხოვდნენ, რომ ტელეკომპანის თანადირექტორებად (ახლა “ფორმულის” დირექტორი კომპანიის 12,25% წლის მფლობელი ზუკა გუმბარიძეა) დანიშნულიყვნენ სოფო ბრიტანჩუკი და ლილე ჭელიძე. რაზეც მეორე დღეს უარი მიიღეს სწორედ იმ მიზეზით, რომ კეზერაშვილს არ გააჩნდა ქართული მოქმედი დოკუმენტი.
“სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით დავით კეზერაშვილს არ უფიქსირდება პირადობის დამადასტურებელი აქტიური დოკუმენტი, [ვადის გასვლის გამო დოკუმენტი გაუქმებულია] შესაბამისად არ დგინდება პირის იდენტიფიცირებისთვის იურიდიული ძალის მქონე რომელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით (საქართველოს პასპორტი, პირადობის მოწმობა თუ სხვა) იხელმძღვანელა ნოტარიუსმა (იგულისხმება ნორმატიული მინდობილობა, რომელიც გაფორმებული იყო ბრიტანჩუკზე - რ.თ.)”, - ესაა ამონარიდი საჯარო რეესტრის მიერ “ფორმულის” მეწილეებისთვის გაგზავნილი წერილიდან.
საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი და ID ბარათი) მოქმედების ვადა 10 წელია. ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბრალი 2012 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლიდან რამდენიმე თვეში წაუყენეს. 2013 წლის 25 თებერვალს, როდესაც მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, დავით კეზერაშვილი საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა.
დავით კეზერაშვილს 2013 წლის თებერვალში განახლებული პირადობის დამადასტურებელი საბუთითაც რომ დაეტოვებინა ქვეყანა, მის დოკუმენტს 2023 წლის თებერვალში ვადა გაუვიდოდა.
საჯარო რეესტრში წარდგენილ დოკუმენტებში იძებნება ორი მინდობილობა, რომელითაც დგინდება, რომ მას ჰქონდა საქართველოში გაცემული მინიმუმ ორი პასპორტი, რომელთაგანაც ერთი გაცემულია 2010 წლის 5 ივლისს, მეორე კი 2011 წლის 3 აგვისტოს.
“რამდენადაც ვიცი, [დავით კეზერაშვილმა] პირადობის მოწმობის აღდგენაზე უკვე გააკეთა განაცხადი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ტელეკომპანია “ფორმულის” დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ.
თუმცა სამოქალაქო რეესტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქართველო ძებნილ მოქალაქეებზე, როგორიც მაგალითად თავდაცვის ყოფილი მინისტრია, ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებს არ გასცემს.
რადიო თავისუფლებას საჯარო რეესტრში არ უპასუხეს რამდენიმე დღის წინ გაგზავნილ შეკითხვაზე - მისცემენ თუ არა დავით კეზერაშვილს “ფორმულის” წილის თანამშრომლებზე გადაცემის უფლებას ისრაელის პასპორტით.
“ფორმულაში” არ გამორიცხავენ, რომ ტელეკომპანიის წილების მფლობელებში ცვლილება ვერც კი დარეგისტრირდეს. თუმცა ჯერ ისიც არ არის ცნობილი, რომელი თანამშრომლებისთვის სურს კეზერაშვილს წილის სამართავად მიცემა.
“უნდა დაელოდოთ იმ მომენტს, როცა გახდება ცნობილი, როგორი იქნება სტრუქტურა და ამ წილის განკარგვის მექანიზმები…” - ამბობს ზუკა გუმბარიძე.
თუკი “ფორმულის” დამფუძნებლისა და მფლობელის სურვილი, თანამშრომლებს გადასცეს არხის წილები, სამართლებრივი შედეგის გარეშე დარჩება, ეს არ იქნება ქართულ მედიაში თანამშრომლებისთვის წილების გადაცემის პირველი განუხორციელებელი მცდელობა. ასე მოხდა წლების წინ ტელეკომპანია „მაესტროს“ შემთხვევაშიც.
2013 წლის მაისში “მაესტროს” მაშინდელმა ხელმძღვანელმა, მამუკა ღლონტმა თქვა, რომ “არხის წინაშე დამსახურებისთვის” სამ ჟურნალისტს - ნინო ჟიჟილაშვილს, თეა სიჭინავასა და ხატია ქვათაძეს ტელეკომპანიის 3-3-პროცენტიანი წილები გადაეცემოდათ, თუმცა ცვლილებები საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. პირველი განცხადებიდან სამ კვირაში “მაესტროს” მაშინდელმა მმართველმა განმარტა, რას გულისხმობდა “წილის გადაცემაში”:
“ეს არ არის წილის გასხვისება სამუდამოდ, ეს არის წილის დროებით სარგებლობაში მიცემა. შეიძლება პარტნიორები სიტყვაზეც ენდონ ერთმანეთს ან გააფორმონ. ასეთი ცვლილება რეესტრში არ შედის”.
თავდაპირველად, 18 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშიც, კეზერაშვილმა თქვა, რომ უარს ამბობდა „ფორმულის“ საკონტროლო პაკეტზე და მზად იყო წილის ნახევარი დაუყოვნებლივ გადაეცა კოლექტივსთვის - “მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, „ფორმულის“ კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც”, - თქვა მან.
თუმცა მოგვიანებით, “ფორმულის” დამფუძნებლების ერთობლივ ბრიფინგზე დაზუსტდა, რომ კეზერაშვილი წილების გადაცემაში გულისხმობდა ზუსტად იმ მოდელს, რის გამოყენებაც უნდოდა მანამდე მამუკა ღლონტს “მაესტროს” შემთხვევაში.
“ეს ადამიანები გახდებიან მეწილეები, მაგრამ ლოგიკა, რომ სანამ არიან თანამშრომლები, მანამდე ჰქონდეთ მართვის უფლება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე იყოს… ყველაფერი აისახება საჯარო რეესტრში, ჯერ ჩამოსაყალიბებლები ვართ კონფიგურაციაზე - იმედი გვაქვს, რომ საბუთის აღდგენა მალე მოხდება და იმის გამო, რომ საბუთი გასაახლებელია, ესეც გვაფერხებს”, - უთხრა “ფორმულის” მოქმედმა დირექტორმა რადიო თავისუფლებას.
ახლა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა კეზერაშვილი დანაპირების შესრულებას. ამისთვის ორი შესაძლო გზა არსებობს: განუახლონ თავდაცვის ყოფილ მინისტრს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან ისრაელის მოქალაქის პასპორტით გაცემული მინდობილობით გადაუფორმონ წილები.