პრეზიდენტი და პრემიერი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს შეხვდა. მინისტრს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

"საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.

"საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპისათვის ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც.

ასევე ნახეთ ილია დარჩიაშვილი: გვახარებს, რომ გვყავს პოლონეთი - ასეთი ძლიერი მეგობარი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ საქართველოში 26 აპრილს ჩამოვიდა და 28 აპრილამდე დარჩება.