ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა მინისტრისაგან მოისმინა ინფორმაცია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობისა და სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ.
26 აპრილს იშვიათი დაავადებების, მათ შორის აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ცნობით, საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იშვიათი დაავადებების მართვაზე, გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავების მექანიზმებზე და ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაზე.
„შეხვედრაზე, სამინისტრომ, კიდევ ერთხელ ცალსახად და მკაფიოდ დააფიქსირა პირობა, დააფინანსოს/დააორგანიზოს ამ დიაგნოზით ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურები როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ცნობაში.
25 აპრილს სალომე ზურაბიშვილი შეხვდა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი შეხვდა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებსაქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე დღეა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქციებს მართავენ. ისინი მოითხოვენ პრეპარატ „ვოსორიტიდის" შემოტანასა და დაფინანსებას.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის და მის მიღებას მხოლოდ 14-16 წლის ასაკამდე აქვს შედეგი.
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ისევ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ "ქვეყანა, სადაც ეს წამალი გამოიგონეს, თავად არ აფინანსებს".
ასევე ნახეთ თითქოს წამალი რომ მივცეთ, ყველაფერი შეიცვლება - ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებზესაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, "ვოსორიტიდის" საქართველოში შემოტანის პროცედურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის თუნდაც რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით პაციენტების უზრუნველყოფა.