Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკუნა გოჩიაშვილი - "რა სერვისებზეა საუბარი, საერთოდ ცოდნა არ ჰქონდათ!"


მაკუნა გოჩიაშვილი, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა მიმდინარე პროტესტის ფონზე, როცა მშობლები მთავრობისგან კონკრეტულ მედიკამენტს ითხოვენ, სახელმწიფოს მიერ სერვისების შეთავაზება არაადეკვატურად მიაჩნია: "დაპირება გაისმა, რომ დაგიფინანსებთ ცურვას, მასაჟებს - რაც აქამდეც გვეკუთვნოდა... პეტრე რომ გავაჩინე, ინფორმაციაც კი არ არსებობდა ქართულად რომ წამეკითხა. პედიატრებიც არ არსებობდნენ, ძლივს ვიპოვნე ერთი პედიატრი, რომელმაც ამ სინდრომის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა, ინგლისურ ენაზე, ჯერ გადათარგმნილიც არ ჰქონდა.

აღირცხვაზე რომ დავდექით პოლიკლინიკაში, გეგმიური აცრები როცა გვიწევდა, პედიატრმა არ იცოდა ამ სინდრომის მქონე ბავშვისთვის გეგმიური აცრა შეიძლებოდა თუ არა და გვაგზავნიდა გენეტიკოსთან, რომ მას ხელი მოეწერა, რომ ნამდვილად შეიძლებოდა გეგმიური აცრა. მერე პედიატრთან მიგვქონდა ეს გენეტიკოსის ცნობა. რა სერვისებზეა საუბარი საერთოდ?! ცოდნა არ ჰქონდათ!".

მაკუნა იხსენებს ბოლო წელიწადნახევარში ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ეტაპებს, მათ შორის - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტთან და ამბობს, რომ მათგან დამაიმედებელი დამოკიდებულება და გზავნილები ჰქონდათ. მშობლებს სურდათ კანონმდებლები დაერწმუნებინათ 2023 წლის ბიუჯეტში მათი შვილების სამკურნალო მედიკამენტის შესაძენად თანხის გათვალისწინების აუცილებლობაში, რადგან მას შემდეგ რაც წამალი აშშ-ისა და ევროკავშირის შესაბამისმა სააგენტოებმა დაუშვეს, აღარ სურდათ დრო დაეკარგათ და შვილებისთვის დროულად მკურნალობის შესაძლებლობა მოეპოვებინათ:

"სხვა გზა არ დაგვრჩა, რომ ბოლომდე, უკომპრომისოდ ვთხოვთ სახელმწიფოს! ამან გამომიღო ის შედეგი, რაც ძალიან სასიხარულოა, რომ სხვა ბავშვები დაინახეს, თუნდაც - ჩვენს ჯინაზე. არა უშავს. მთავარია, ეს თემა წამოვწიოთ ზოგადად ჯანმრთელობის და პრიორიტეტები სწორად დავალაგებინოთ იმიტომ, რომ ვხედავთ ყველანი, როგორ არასაჭირო მიმართულებით მიდის მილიონები და ეს კიდევ უფრო მეტ გამბედაობას გვაძლევს, მოვითხოვოთ და არ მოგვერიდოს ჩვენი შვილებისთვის ჯანმრთელობის მოთხოვნა

...იმაზეც ვართ თანახმა, რომ მხოლოდ ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა თუმცა რისკები ყოველ ახალ მედიკამენტზეა და დაკვირვებას საჭიროებს ყველაფერი. წინ ვერ წავალთ, თუ ყველაფერს გამოვეკიდეთ. კოვიდის დროსაც იმდენად აუცილებელი იყო ვაქცინა, რომ რაღაცები გადაწონა.

როცა ბავშვს ზრდისთვის რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი, წონის იმას, რომ კვლევის ბოლო ფაზას არ დაველოდოთ, რომ ეფექტურობაზე დაკვირვებას გულისხმობს.

კი ბატონო, ჩაატაროს სხელმწიფომ კონცერტები და გადაიხადოს თანხა. რის ხარჯზე და როგორ დააყენებს ბავშვების ჯანმრთელობას პრიორიტეტულად, რის ხარჯზე ამოსწევს ზემოთ - იქნებ, ბონუსების ხარჯზე ამოსწიოს, იქნებ, ფუფუნების საგნები სხვანაირად დაალაგონ. შეიძლება კონცერტები ჩაატარონ და ძვირადღირებული ქოთნები არ შეიძინონ. ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმე ის არის, რომ ეს პრიორიტეტული იყოს. მთავარია, სახელმწიფომ პრიორიტეტული გახადოს ბავშვების ჯანმრთელობა და ამას რის ხარჯზე გააკეთებს, ეს თავად გადანაწილონ".

XS
SM
MD
LG