ოჯახის წევრები და მეგობრები პაქსაშვილის "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირს უარყოფენ

მალხაზ პაქსაშვილის დედა მზია ნაციშვილი (მარცხნივ) და მალხაზ პაქსაშვილის მეგობარი ლევან დუიშვილი

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე დაკავებული მალხაზ პაქსაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, რომ ბოლო რვა წელია, მალხაზი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობს და სახელმწიფო ბრალდებას ისინი არ ეთანხმებიან.

დაკავებულის დედამ, მზია ნაციშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი შვილი 2013-15 წლებში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა და ბრალდება, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს რიგებში იყო გაერთიანებული, ტყუილია.

"მე ვიცი, რომ წლების წინ თურქეთში იყო და მუშაობდა, მას მერე დიდი დრო გავიდა და თითქმის 8 წელია სოფელშია. აქ საქმიანობს იმას, რასაც სხვები აკეთებენ, სოფლის მეურნეობა. მე არ მჯერა ის, რასაც სახელმწიფო ბრალდება ამბობს", - თქვა მზია ნაციშვილმა.

სოფელი წინუბანი, სადაც დაკავებული მალხაზ პაქსაშვილი ცხოვრობდა. 22 აპრილი, 2023 წელი

მალხაზ პაქსაშვილის "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირზე არაფერი სმენია დაკავებულის მეგობარს ლევან დუიშვილს.

"8 წელია უწყვეტად სოფელში ცხოვრობს და თუ იცოდნენ, რომ ვითომ ისლამური სახელმწიფოს რიგებში იყო, ამდენი ხანი სად იყვნენ, რატომ არ დააკავეს მაშინვე, 2015 წელს, როცა აქ ჩამოვიდა? მე ვამბობ, რომ ეს არის შეთითხნილი ბრალდება და გაწირეს ალბათ სხვა საქმისთვის. მალხაზი ჩვენი სოფლისთვის ერთგვარი ლიდერი იყო, თუ რამე ყოფითი პრობლემები გვქონდა, მერიასთან იყო ხოლმე შუამავალი. მას არც ტოხოსაშვილებთან ჰქონია რამე შეხება", - ამბობს ლევან დუიშვილი.

Your browser doesn’t support HTML5

მალხაზ პაქსაშვილის შესახებ მისი მეგობარი ლევან დუიშვილი საუბრობს

მალხაზ პაქსაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს "გრიფი" ადევს, შესაბამისად, 22 აპრილის სასამართლო სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარდა.

ასევე ნახეთ მალხაზ პაქსაშვილს პატიმრობა შეეფარდა, პროკურორის თქმით, საქმეშია არაერთი მტკიცებულება

მალხაზ პაქსაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სუსმა დღეს, 22 აპრილს გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 2013 წელს გაემგზავრა სირიაში, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ამავე ორგანიზაციის საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, სუსი ამტკიცებს, რომ მას კავშირი ჰქონდა "ისლამური სახელმწიფოს" მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.