Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ პაქსაშვილს პატიმრობა შეეფარდა, პროკურორის თქმით, საქმეშია არაერთი მტკიცებულება


ფოტოილუსტრაცია: თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა
ფოტოილუსტრაცია: თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმში დახმარების ბრალდებით დაკავებულ მალხაზ პაქსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა მაია სილაგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისივე თქმით, საქმეშია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის: მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები და ვიდეოჩანაწერები.

საქმეს "გრიფი" ადევს, შესაბამისად, 22 აპრილის სასამართლო სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარდა.

"საქმის შინაარსობლივ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იგი რამდენიმე წელია, საქართველოშია და მას შემდეგ, რაც მტკიცებულებები მოვიპოვეთ, რომ ბრალდებული ტერიროსტულ ორგანიზაციაში გაერთიანდა და მონაწილეობდა სხვადასხვა ოპერაციებში, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ გაცემულიყო მისი დაკავების განჩინება", - თქვა პროკურორმა.

პაქსაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სუსმა დღეს, 22 აპრილს გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 2013 წელს გაემგზავრა სირიაში, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ამავე ორგანიზაციის საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, სუსი ამტკიცებს, რომ მას კავშირი ჰქონდა "ისლამური სახელმწიფოს" მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG