გელენჯიკის მახლობლად "პუტინის სასახლესთან" წითელ წიგნში შეტანილ ხეებს მოჭრიან

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ე.წ. სასახლე კრასნოდარის მხარეში. 2021 წელი

„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, რამდენიმე დღის წინ კომპანია „როსეტი ყუბანმა“ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც გელენჯიკის რაიონში წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრისთვის ნებართვის მიღებას ითვალისწინებს. საუბარი შეეხება მათ შორის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სპეციალურ ობიექტებს სოფელ პრასკოვსკოეს ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ე.წ. სასახლე მდებარეობს.

გამოცემის თანახმად, 11,5 მილიონი რუბლის ღირებულების ტენდერი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. კონტრაქტორმა უნდა მიიღოს ნებართვა ბუნებრივი რესურსების რეგიონული სამინისტროსგან, რომ მოჭრას და კოორდინაცია გაუწიოს საკომპენსაციო ხეების დარგვას. ამავე დროს, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაცია სავაჭრო საიდუმლოდ ითვლება.

როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "სამოქალაქო კონტროლი ეკოდანაშაულის წინააღმდეგ", ხელმძღვანელმა დიმიტრი შევჩენკომ უთხრა „კავკაზ.რეალიის“, საუბარია წითელ წიგნში შეტანილ ბიჭვინთის და ყირიმის ფიჭვებზე და ასევე - ღვიის ზოგიერთი სახეობაზე.

ასევე ნახეთ

ბი-ბი-სი: დოკუმენტებით მტკიცდება ნავალნის დასკვნები „პუტინის სასახლეზე“

2021 წლის 19 იანვარს "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" გამოაქვეყნა გამოძიების შედეგად მომზადებული დოკუმენტური ფილმი გელენჯიკთან მდებარე "პუტინის სასახლის" შესახებ.

"პუტინის სასახლე", იგივე რეზიდენცია იდოკოპასის კონცხზე, 2005-2010 წლებში აშენდა გელენჯიკის მახლობლად, შავი ზღვის პირას.

ის, რომ ობიექტი რუსეთის პრეზიდენტისთვის აიგო, 2010 წელს თქვა ბიზნესმენმა სერგეი კოლესნიკოვმა.

თავად ვლადიმირ პუტინმა გამოძიებას კომპილაცია უწოდა და განაცხადა, რომ არც მას და არც მის რომელიმე ნათესავს არ ეკუთვნით არაფერი იქიდან, რაც ფილმში წარმოდგენილი იყო, როგორც მისი ქონება.