"ძალიან ჭირს ვინმეს პოვნა, ვინც ქართველებს საკვებით მოამარაგებს" - დაპირისპირების მეექვსე დღე სუდანში

ხალხი ცდილობს დატოვოს სუდანის დედაქალაქი ხართუმი, სააგენტო "როიტერსის" ფოტო.

ამ დრომდე სუდანის დედაქალაქ ხართუმში, სადაც მეექვსე დღეა გრძელდება შეტაკებები ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, 30-ზე მეტი ქართველი რჩება. ორი ავიაკომპანიის, MyWay Airlines-ისა და Geo Sky-ს მფრინავები, ბორტგამცილებლები და ინჟინრები ხართუმში სამუშაო მივლინებით იყვნენ ჩასული.

სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის ზავის დადება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბრძოლაც გრძელდება, რაც სუდანში დარჩენილი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების მშვიდობიანად ევაკუაციას ართულებს.

სუდანში ჩარჩენილი ქართველების ახლობლები გვეუბნებიან, რომ ვითარება უცვლელია: ქართველები ისევ მოელიან, როდის იქნება შესაძლებელი ევაკუაცია.

სატელიტური ფოტო აჩვენებს ხანძარს ხართუმის საერთაშორისო აეროპორტში, სუდანში. 19 აპრილი, 2023.

„ცდილობენ არ იფიქრონ საფრთხეებზე, - გვითხრა ერთ-ერთის ოჯახის წევრმა, - ქალაქში არაფერი იშოვება და ძალიან ჭირს ისეთი ვინმეს პოვნა, ვინც მათ მოამარაგებს“.

სასურსათო მაღაზიები გაძარცვულია და ვითარებას ესეც ართულებს.

იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები ამ დრომდე რჩებიან, უსაფრთხოები მიზნით, კუთხის ბინებიდან შენობის შუაში არსებულ ბინებში გადაინაცვლეს.

რადგან ეს კორპუსი შეტაკებების ეპიცენტრთან ახლოსაა, თავდაცვის მიზნით, ფანჯრებზე ბინაში არსებული ავეჯი ააფარეს.

ასევე ნახეთ "ველოდებით ცეცხლის შეწყვეტას, რომ წამოვიდეთ", - სუდანში დარჩენილი ქართველები ზავის მოლოდინში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, რომ პირველივე შესაძლებლობას გამოიყენებენ, რომ სუდანში ჩარჩენილი ქართველები სამშვიდობოს გამოიყვანონ.

განიხილავენ ევაკუაციის ორივე ვერსიას - საჰაეროსაც და სახმელეთოსაც. გააჩნია დათანხმდებიან თუ არა მხარეები ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებას. თუმცა ამ ეტაპზე, მისი თქმით, სუდანში ვითარება კვლავ „უკიდურესად მძიმეა“, დაპირისპირებული მხარეები ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას და დედაქალაქში ბრძოლებიც გრძელდება.

ჯერჯერობით, ხვთისიაშვილის თქმით, ვერცერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა თავისი მოქალაქეების ევაკუაცია, პირიქით, თავის მოქალაქეებს ყველა მოუწოდებს დარჩნენ იმ შენობებში, სადაც იმყოფებიან:

„ხართუმში გადაადგილება ძალიან გართულებული. სურსათის და წყლის ნაკლებობაა და ეს პრობლემა აქვს ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქეს, ვინც ახლა იქ იმყოფება. საჰაერო სივრცე სრულიად დახურულია, არცერთი ბორტი არ დაფრინავს, მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ“, - ამბობს ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

Your browser doesn’t support HTML5

ალექსანდრე ხვთისიაშვილი სუდანში დარჩენილ ქართველებზე

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს საგარეო უწყებას ყველა პარტნიორსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქვს კომუნიკაცია ამ საკითხზე, თუმცა ჯერ ვერცერთი ქვეყანა ვერ გეგმავს თავისი მოქალაქეების გაყვანას და არც კონკრეტული თარიღია ცნობილი.

„ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ჩვენს მოქალაქეეებთანაც. და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მივაწოდოთ მათ წყალი, საკვები და დიზელი“.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ რადგან ძირითადი დაპირისპირება და შეტაკებები სწორედ სუდანის დედაქალაქ ხართუმში მიდის, იქ ძალიან გართულებულია გადაადგილება, რაც აფერხებს სხვადასხვა ობიექტის, მათ შორის სასურსათო მაღაზიების მომარაგებას და ქალაქში სურსათის ნაკლებობაა.

რთული სათქმელია, როდის მოხერხდება თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ორგანიზება გაუკეთდეს ჰუმანიტარულ კორიდორს. ამ მომენტისთვის ყველა აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და ელოდება შესაფერის შესაძლებლობას. როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენც მივმართავთ ყველა ზომას ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციასთვის“, - გვითხრა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

სააგენტო „როიტერსი“ გერმანულ გამოცემა „შპიგელზე“ დაყრდნობით წერს, რომ გერმანიამ შეაჩერა სუდანიდან დაახლოებით 150 მოქალაქის ევაკუაცია ხართუმში ბრძოლების გამო.

„სიტუაცია სუდანში სულ უფრო მეტად შემაშფოთებელია. ამ დროისთვის 300-მდე ადამიანია დაღუპული, 3000-ზე მეტი კი დაშავებული“, - წერს ტვიტერზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ ღებრეიესუსი.

სუდანში კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა 15 აპრილიდან. ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირებაა სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო „სწრაფი რეაგირების ძალების“ - გენერალი დაგალო.

ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა.

ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე, თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.

ასევე ნახეთ "ფანჯრიდან ვხედავთ, როგორ ძარცვავენ მაღაზიებს" - სუდანში მყოფმა ქართველებმა არ იციან, როდის დაბრუნდებიან სამშობლოში