„ჩვენ რასაც ვხედავდით ფანჯრიდან, ავიაციაც ურტყამდა, არტილერიაც. მოკლედ, ბრძოლები გრძელდება. ჩვენი ფანჯრიდან ისიც ჩანს, როგორც ძარცვავენ მაღაზიებს. „მაროდიორობა“ მიდის“, - გვითხრა მამუკა მარკოზაშვილმა, ავიაკომპანია MyWay Airlines-ის პილოტმა.
სუდანში ჩარჩენილი ქართველების მეორე ჯგუფის წევრის, ავიაკომპანია Geo Sky-ს ერთ-ერთი თანამშრომლის ახლობლის (რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს) სიტყვებით, ამ დრომდე არც მას აქვს ახალი ინფორმაცია ქართველების ევაკუაციის შესაძლო თარიღზე.
„ინტერნეტპაკეტიც გაუთავდებათ ნელ-ნელა. მერე არ ვიცი, რა იქნება“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას .
ხართუმში მყოფი ქართველები ამბობენ, რომ მთავარია, გენერატორისთვის დიზელი ჰქონდეთ, რომ გარესამყაროს არ მოსწყდნენ.
„ვიდეოზარები შევზღუდეთ, რომ ინტერნეტსაც გავუფრთხილდეთ და დენსაც“, - გვეუბნება ჩვენი წყარო.
არც კონკრეტული თარიღია ცნობილი, როდის შეძლებენ კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილი ქართველების გამოყვანას, რადგან ეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დროებით ცეცხლის შეწყვეტაზეა დამოკიდებული.
სიახლე არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გვაქვს - მათ დღესაც ის გვითხრეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს კავშირი საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა საქართველოს მოქალაქეების დახმარება შეძლოს.
საგარეო უწყება აცხადებს, რომ ასევე მუდმივი კონტაქტი აქვს როგორც დამსაქმებელ კომპანიასთან, ისე სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და შესაძლებლობების ფარგლებში მათ სურსათითაც ამარაგებენ.
„სუდანში ვითარება კვლავაც რთულია, გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება. შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები ამ დრომდე ვერ ახერხებენ სამოქალაქო პირების ევაკუაციას. საქართველოს საგარეო უწყება აქტიურად ადევნებს თვალს სუდანში მიმდინარე პროცესებს და პირველივე შესაძლებლობისთანავე მოახდენს რეაგირებას საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად“, - მოგვწერა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
დაზავებას კი ამ დრომდე ვერ მიაღწიეს სუდანის რეგულარული არმიის გენერალმა აბდელ ფატახ ალ-ბურჰანმა და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალების“ მეთაურმა მუჰამედ ჰამდან დაგალომ.
ბოლო ცნობებით, სუდანში მიმდინარე შეტაკებებს უკვე ემსხვერპლა სულ მცირე 270 ადამიანი. დაჭრილია 2000-მდე ადამიანი. ამ ინფორმაციას სუდანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
მიუხედავად საერთაშორისო ძალების შუამავლობით ზავის დადების მცდელობისა, ცეცხლი მაინც არ წყდება.
19 აპრილს ხართუმში დილიდან ისმოდა აფეთქებების და სროლის ხმა. იბომბებოდა თავდაცვის სამინისტროსა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.
ალ ჯაზირას ცნობით, ხალხი ვერ ტოვებს საცხოვრებელ სახლებს, ხშირად ითიშება ელექტროენერგია. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, სოციალური ქსელის საშუალებით სუდანში მიმდინარე ამბების გავრცელებაა, თუმცა ბრძოლების შედეგად ელექტროენერგიისა და წყლის გათიშვამ ისინი მძიმე ვითარებაში ჩააგდო. საავადმყოფოების უმეტესობა ვერ მუშაობს.
გამოცემა წერს, რომ ხართუმში ათასობით ადამიანი ტოვებს საკუთარ სახლებს და ზოგი მანქანით, ზოგიც ფეხით ცდილობს დედაქალაქის დატოვებას. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.