არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგი" მიიჩნევს, რომ მმართველი საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, პარლამენტში კენჭისყრაზე არ გასულიყო მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნის საკითხი, სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობაა.
"საპარლამენტო უმრავლესობის „პოლიტიკური სოლიდარობის აქტი“ არის მოსამართლეებზე პოლიტიკური ზემოქმედების მცდელობა. ეს წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სასამართლო სისტემაში დღეს არსებული „კლანური მმართველობის“ მხარდაჭერა და შენარჩუნება. ამასთან, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინტერესში არ შედის სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარების გამოსწორება", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში გატარდეს რეფორმა:
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია, რათა საპარლამენტო დონეზე შესწავლილი იქნას ისეთი საკითხები, რომლებიც შეეხება კორუფციას, ნეპოტიზმს, მოსამართლეთა დანიშვნებს, საქმეთა განაწილებას, ინდივიდუალური მოსამართლისა და სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ამასთანავე, ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა სასამართლო რეფორმის გატარებაა. თუმცა, „ქართული ოცნების“ ქმედებები რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბებას არ ემსახურება".
გუშინ, 18 აპრილს, საქართველოს პარლამენტში ვერ დაამტკიცეს მოსამართლეების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რადგან მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", რეგისტრაცია არ გაიარა. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.
ასევე ნახეთ მოსამართლეების მხარდაჭერის ნიშნად "ოცნებამ" პარლამენტში რეგისტრაცია არ გაიარა - საგამოძიებო კომისიის საკითხს კენჭი ვერ უყარესსაკითხის კენჭისყრაზე გასატანად საჭირო იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს. იმის გამო, რომ ამ პროცესში, დარბაზში ყოფნის მიუხედავად, არ მონაწილეობდა მმართველი პარტია, სხდომაზე ოფიციალურად დაფიქსირდა მხოლოდ 51 დეპუტატი, რაც არ იყო საკმარისი კენჭისყრის დასაწყებად.