მამუკა მარკოზაშვილი ერთ-ერთია იმ 30-მდე საქართველოს მოქალაქეს შორის, რომლებიც სუდანის დედაქალაქში ევაკუაციის დაწყებას ელოდებიან. სხვა ქართველების მსგავსად, ის ხარტუმში სამსახურიდან მივლინებით არის ჩასული - იგი ავიაკომპანია MyWay Airlines-ში მუშაობს.
მარკოზაშვილთან ინტერნეტის პრობლემის გამო კომუნიკაცია მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით იყო შესაძლებელი. ის რადიო თავისუფლებას უყვება, რომ არეულობა ქალაქში მოულოდნელად დაიწყო.
"ჩვენი კომპანიიდან მივლინებაში 13 ადამიანი ვართ - მფრინავები, ბორტგამცილებლები, ინჟინრები. ჩვენ ორთვიანი როტაციები გვაქვს ხოლმე, პირველად არ ვართ. შევასრულე რეისი დუბაი-ხარტუმი და ნახევარ საათში დაიწყო ეს სამხედრო მოქმედებები, მანამდე სიმშვიდე იყო, არაფერი ვიცოდით", - აღნიშნავს ავიაკომპანიის თანამშრომელი.
მისივე თქმით, კომუნიკაცია აქვთ არა მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელებთან თბილისში, არამედ - საქართველოს საკონსულოსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. "ყველაფერს ცდილობენ ჩვენს გამოსაყვანად", - ამბობს იგი.
ასევე ნახეთ საელჩო კონტაქტზეა სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათ ოჯახებთან - საგარეო საქმეთა სამინისტრო"სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, შედარებით უსაფრთხოა. ბრძოლა 1-1,5 კილომეტრშია ჩვენი სახლიდან. ქუჩაში ჯარისკაცებიც არ მინახავს", - აღნიშნავს მამუკა მარკოზაშვილი.
სუდანში ახლა საქართველოს 30-მდე მოქალაქეა. ისინი მუშაობენ ორ ავიაკომპანიაში, რომლებიც ხარტუმიდან ასრულებდნენ ფრენებს.
ასევე ნახეთ სუდანში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს შორის 20-მდე Geo Sky-ის თანამშრომელია16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ, ომდურმანში, საჰაერო დარტყმები განახორციელა "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე.
BBC სუდანის ექიმთა კავშირის ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია 100 მშვიდობიანი მოქალაქე.
მოქალაქეების ცნობით, სუდანის დედაქალაქსა და მის გარშემო ისმის მძიმე არტილერიის მუშაობის ხმები.
სუდანის არმიის მთავარსარდალი, გენერალი აბდელ ფატახ ალ-ბურხანი "ალ-ჯაზირასთან" კომენტარში აცხადებს, რომ მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები "სწრაფი რეაგირების ძალებთან".
მისი თქმით, თუკი ისინი უარს იტყვიან მოლაპარაკებებზე და არ დაყრიან იარაღს, სუდანის დედაქალაქში, ხარტუმსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში შეიყვანენ სამხედრო ძალებს.
„სწრაფი რეაგირების ძალები“ ეს არის გასამხედროებული ფორმირება, რომელიც არ შედის სუდანის რეგულარულ არმიაში და არ ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს. 2019 წელს მათ მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებას ჩამოსცილდა სუდანის ავტორიტარული პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. 2021 წელს ორგანიზაციამ, რომელიც 100 ათასი ადამიანისგან შედგება, კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოახდინა.