როგორ ხედავს ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის საიდუმლოს მართლმადიდებლობა - ინტერვიუ

აღდგომის წირვა

16 აპრილს მართლმადიდებელმა სამყარომ აღდგომა აღნიშნა. რადიო თავისუფლება თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორს, თეოლოგ ირაკლი ორჟონიას ესაუბრა, თემაზე: როგორ ხედავს ქრისტიანული სწავლება ქრისტეს ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოს?

რადიო თავისუფლება: საეკლესიო სწავლებით, იესო ქრისტეს განკაცებას, ჯვარცმას, აღდგომას ცოდვით დაცემული ადამიანის გამოხსნის ფუნქცია ჰქონდა. მაგრამ რა იგულისხმება ამაში?

ირაკლი ორჟონია: ყველა ადამიანი ცალკე ჰიპოსტაზი ვართ, მაგრამ ადამიანური ბუნება ერთი გვაქვს. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანი უკვდავი, უხრწნელი და მოუწყვლელი შექმნა. ის როგორც სულით, ასევე სხეულით უკვდავი იყო და ეს ორი ბუნება ერთმანეთს არ უნდა დაშორებულიყო. მაგრამ ცოდვის შედეგად ეს შეიცვალა.

ირაკლი ორჟონია

რადიო თავისუფლება: ვთქვათ, არ განკაცებულიყო ღმერთი, როგორც ეს ქრისტიანული სწავლების მიხედვით მოხდა, ადამიანს შეეძლო თავად გამოეხსნა თავი?

ირაკლი ორჟონია: არა, არ შეეძლო. აღდგომამდე ძველი აღთქმის მართლებიც კი ჯოჯოხეთში მიდიოდნენ.

რადიო თავისუფლება: მოდით ესეც დავაკონკრეტოთ, რა იგულისხმება ჯოჯოხეთში.

ირაკლი ორჟონია: ეს არის როგორც ადგილი, ასევე მდგომარეობაც. ადამიანი სიკვდილის შედეგად სულად რჩება. ადამიანის სული გარშემოწერილია, ამიტომ მას რაღაც ადგილი უნდა ჰქონდეს.

რადიო თავისუფლება: ანუ სულიც მატერიაა?

ირაკლი ორჟონია: ღმერთთან მიმართებით - კი, სულიც მატერიაა. რაც კი შექმნილია, ყველაფერი მატერიალურია, მათ შორის სულიც.

რადიო თავისუფლება: ეკლესიის სწავლებით, ადამიანებს რამე გვაქვს არამატერიალური?

ირაკლი ორჟონია: ქმნილ სამყაროში არამატერიალური არაფერი არსებობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სული უფრო ფაქიზი მატერიაა სხეულთან მიმართებით, მაგრამ მაინც მატერიაა. ამის გამო სული უკვალოდ ვერ დაიკარგება, სადღაც უნდა იყოს. საეკლესიო სწავლებით, ჯოჯოხეთში იმ ადამიანების სულები ხვდებიან, ვისაც სინანული არ გააჩნიათ, სამოთხეში - მონანული ცოდვილები. მაგრამ ორივე შემთხვევაში ადამიანი მაინც ცოდვილია.

აღდგომის წირვა, 2021 წელი.

რადიო თავისუფლება: ძველ აღთქმაში ვხედავთ უამრავ წმინდანს, წინასწარმეტყველს, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებენ სამოთხის დამკვიდრებას: აბრაამი, მოსე, ილია თეზბიტელი... რა შეცვალა ქრისტეს ჯვარცმამ, რომ აღდგომის შემდეგ ეს შესაძლებელი გახდა?

ირაკლი ორჟონია: ერთ-ერთი ურთულესი საკითხია, რომელსაც პასუხი თუ არ გაეცა, მერე მართლა გაუგებარი ხდება ყველაფერი. მოკვდაობა, ხრწნადობა მხოლოდ ხორციელ ბუნებას არ შეხებია, სულიერსაც შეეხო. ადამიანური ბუნება თვისებების ერთობლიობაა. ცოდვის შემდეგ ეს თვისებები დასნეულდა. დაავადებული ბუნება კი პიროვნებაზე მძლავრობს. მაგალითისთვის, ავად რომ არის ადამიანი, სურვილი კი აქვს საქმე აკეთოს, მაგრამ სნეულების გამო ეს არ შეუძლია. როდესაც ძველი აღთქმის მართლებზე ვსაუბრობთ, აქაც იგივეა. მათ ჰქონდათ სურვილი ღმერთთან ურთიერთობისა, მაგრამ დასნეულებული ბუნება ამის საშუალებას არ იძლეოდა.

ქრისტემ ადამიანის ცოდვით დაცემული ბუნება შეიერთა და განკურნა. ჯვარცმა, სიკვდილი, ამაღლება, სულიწმიდის გარდამოსვლა - ამ ხუთი რამის ერთობამ მოგვცა ის შესაძლებლობა, რომელიც ძველი აღთქმის ადამიანებს არ ჰქონდათ - პიროვნებას უკვე შეუძლია ადამიანური ბუნება დაიქვემდებაროს.

რადიო თავისუფლება: ჯვარცმა, როგორც წამების იარაღი ქრისტემდეც იყო და მას მერეც. გარდა ამისა, ბევრი საკუთარი ნებით ეწამა ქრისტიანობისთვის. უშუალოდ ქრისტეს ტანჯვა რით განსხვავდება ამ ადამიანების ტანჯვისგან?

ირაკლი ორჟონია: მაცხოვარმა სრულად მიიღო ადამიანის დაცემული ბუნება, გარდა ცოდვისა. მაცხოვარს ცოდვის ჩადენის საშუალება არ ჰქონდა, რადგან მას ადამიანურთან ერთად საღვთო ბუნებაც გააჩნდა. ადამიანურ ბუნებას აქვს თავისი ნება, მაგრამ საღვთო ბუნებასაც აქვს საღვთო ნება. როგორც კი ეს ორი ბუნება შეერთდა, მისი ადამიანური ნება საღვთო ნებას დაექვემდებარა. ამიტომ გახდა შეუძლებელი, მას ცოდვა ჩაედინა.

მაცხოვარი ჯვარზე ევნო მხოლოდ ადამიანური ბუნებით, საღვთო ბუნება ტკივილს, სიკვდილს, ტანჯვას ვერ განიცდის. ჯვარზე ქრისტემ ზუსტად იგივე ტკივილი განიცადა, როგორსაც ჩვეულებრივი ადამიანი განიცდიდა.

ჯვარზე სიკვდილის შემდეგ მისი ადამიანური სული სხეულს გამოეყო და სხვა ადამიანებივით ჯოჯოხეთში ჩავიდა. ეს იყო ერთადერთი სული, რომელიც უცოდველი გახლდათ და მაინც ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. სწორედ ამის გამო ის ჯოჯოხეთს არღვევს და მართალი ადამიანები იქიდან ამოჰყავს.

რადიო თავისუფლება: ანუ ქრისტიანული სწავლებით, რა არის ყველაზე შეუთავსებელი ჯოჯოხეთთან, უცოდველობა?

ირაკლი ორჟონია: კი, უცოდველობა.

რადიო თავისუფლება: შეუძლია ადამიანს თუნდაც სამოთხეში კიდევ უკეთესი გახდეს? თუ რჩება იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობასაც სიცოცხლეში მიაღწია? როგორია ამ მხრივ საეკლესიო სწავლება?

ირაკლი ორჟონია: სამოთხე არ არის სტატიკური მდგომარეობა. ადამიანი მუდმივად ვითარდება სიკეთისკენ. ადამიანი, რომელიც სრულყოფილების გზაზე დგას, მუდმივად წარემატება. ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, ნუთუ საზღვარი არა აქვსო. ღმერთს აქვს საზღვარი? საზღვარი არა აქვს!