უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) გამოავლინა ის ფაქტი, რომ მისი თანამშრომლები მონაწილეობდნენ 26 თებერვალს ბელარუსის აეროპორტში, მაჩულიშჩიში მომხდარ აფეთქებაში. დივერსიული თავდასხმის შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო თვითმფრინავი A-50. ამის შესახებ The Economist-ი სოციალურ ქსელში გასულ კვირას გაჟონილ პენტაგონის საიდუმლო მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ამერიკული დაზვერვის დოკუმენტებიდან გამომდინარეობს, რომ აეროდრომზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე უკრაინის სპეცსამსახურის აგენტები თავიანთი მეთაურების ბრძანებების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.
ეკონომისტი აღნიშნავს, რომ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაშინგტონმა ეს ინფორმაცია ელექტრონული დაზვერვის დახმარებით შეიტყო. რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე თავდასხმის შეფასება გადმოცემულია დოკუმენტში, რომელიც, გამოცემის თანახმად, აღნიშნულია გრიფით "სრულიად საიდუმლო".
უკრაინულ მხარეს პუბლიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ბელარუსში სამხედრო აეროდრომ „მაჩულიშჩიში“, მინსკიდან 12 კილომეტრში, 26 თებერვალს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 (ДРЛО) - ნატოს კლასიფიკაციით Mainstay („ბურჯი“), რომელსაც შეუძლია ერთდროულად აკონტროლოს 60-მდე სამიზნე და მათი განადგურების ბრძანებაც გასცეს.
ბელარუსის ოპოზიციური მოძრაობის, BYPOL-ის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი აფეთქდა დივერსიის შედეგად: დაზიანებულია ხომალდის ელექტრონული აღჭურვილობა - ავიონიკა, წინა და ცენტრალური ნაწილი, სანავიგაციო თეფში, რომელიც ახდენს ტერიტორიის სკანირებას.