ანი წითლიძე: ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე რიგგარეშე სხდომის გამართვის მიზნით პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მიმართვის უარყოფის საკითხს გამოეხმაურა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე. დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ სწორედ წითლიძის და ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის უცხოეთში გამგზავრებას დაუკავშირეს რიგგარეშე სხდომის გამართვაზე უარი.

როგორც ანი წითლიძემ დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ სხდომის თარიღზე ინფორმირებული ნამდვილად არ ყოფილა.

„ამიტომ პრობლემა ვფიქრობ კომუნიკაციის პრობლემა არის, მეგობრებო. საგანგებო სხდომის დანიშვნა შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დღეს და ასევე შესაძლებელია მაგ კომისიის შექმნა ნებისმიერ დროს - ისტერიკის გარეშე.

ტყუილია, რომ მხოლოდ ჩემი და ხაბეიშვილის გამო ჩავარდა აღნიშნული საკითხი. ჩვენ გარდა კიდევ ორი დეპუტატი არ იქნება ადგილზე თვის ბოლომდე.

ამიტომ ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება",
- აღნიშნა ანი წითლიძემ.

რაც შეეხება ვიზიტს, დეპუტატმა დაწერა, რომ პოლონეთის მხარისგან მოწვევა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მიიღეს. მან განმარტა, რომ პარლამენტში „აუნაზღაურებადი მივლინება" აქვთ გაფორმებული.

„ვიზიტი მთავარი თემები: პოლიტიკური პატიმრები, 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულების პროცესი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის.

დღეს და ხვალ ამ საკითხებზე ვხვდებით ევროპარლამენტარებს.

ხვალ და ზეგ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გვაქვს ისევ ამ თემებზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის ზეგ როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაჯილდოვდება კიდევ ერთი უმაღლესი ჯილდოთი და ამ ჯილდოს მიშას სახელით აიღებს თანამედროვეობის უდიდესი ადამიანი",
- დაწერა ანი წითლიძემ.

ასევე ნახეთ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მიმართეს, რომ 11 აპრილს აღარ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა

11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე პრეზიდენტისგან პასუხის მიღებამდე, ოპოზიციის დეპუტატებმა გადაწყვეტილება შეცვალეს.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა თამარ კორძაიამ თქვა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე უცხოეთში გაემგზავრნენ, რაც პრეზიდენტისთვის განცხადების გაგზავნისას მათთვის უცნობი იყო.

„დღეს მეორედ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ გაგზავნილი მიმართვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ხვალ, 11 აპრილს, რიგგარეშე სესიის მოწვევას, მოულოდნელად ორმა დეპუტატმა დაუგეგმავად დატოვა საქართველო. ამიტომ ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით", - განაცხადა კორძაიამ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შესატანი აღნიშნული საკითხი ეხებოდა „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიციირებულ დადგენილების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პოლონეთში იმყოფება. ხაბეიშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ და პარტიის ლიდერებმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ერთად პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე პატივი მიაგეს სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას, მსხვერპლთა მემორიალი კი გვირგვინით შეამკეს.

13 წელი გავიდა სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფიდან, რომელმაც პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია და ათობით სხვა სამხედრო თუ სამთავრობო პირი იმსხვერპლა.

ასევე ნახეთ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მიმართეს, რომ 11 აპრილს აღარ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა

„რეფორმების ჯგუფმა” სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე დადგენილების პროექტი 2022 წლის დეკემბრის ბოლოს დაარეგისტრირა. მანამდე ადამიანის უფლებებზე მომუშავე 10-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს მოუწოდა, შექმნან საგამოძიებო კომისია მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოსაძიებლად.

სასამართლოს საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა 5 აპრილს შეიძინა. აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

ასევე ნახეთ რას ერჩის აშშ ქართულ სასამართლოს?