მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს პარლამენტის მიერ ტელეკომპანია “ფორმულის”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას.
კოალიციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე.
„პარლამენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მედიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტებისას დეპუტატებისთვის პარლამენტის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და პროსამთავარობო მედია POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით. ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. კრიტიკული მედია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების, ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, დეზინფორმაციისა თუ უკანონო მოსმენის სამიზნეა. ხელისუფლება კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმშია და ამით, ართმევს საზოგადოებას განსხვავებული მოსაზრებებისა და პოზიციის მოსმენის შესაძლებლობას. ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში ჟურნალისტებისათვის აკრედიტაციის წესებს იღებს“.
მედიის ადვოკატირების კოალიციაში აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, მედიის ჩართულობისა და მათი ლეგიტიმური პოზიციების გათვალისწინების გარეშე, ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველია და შესაძლოა, მედიისთვის კრიტიკული კითხვების შეზღუდვისა თუ სარედაქციო პოლიტიკაზე წნეხის მექანიზმად იყოს გამოყენებული:
„ჩვენი შეშფოთება დადასტურდა კიდეც, როგორც პარლამენტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების დროს, ასევე რუსული კანონის განხილვისას, როდესაც მედიას ხელისუფლებამ საკანონმდებლო ორგანოში პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები უკანონოდ შეუზღუდა, მათ შორის, აკრედიტაციის შეჩერებით. საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი გასაჩივრებულია სასამართლოში“.
მედიის ადვოკატირების კოალიცია აცხადებს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ზღუდავს განსხვავებული აზრის გამოხატვისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სასწრაფოდ აღუდგინოს ტელეკომპანიების თანამშრომლებს აკრედიტაცია და შეწყვიტოს ამ ფორმით კრიტიკულ მედიაზე დამატებითი ზეწოლის ახალი, მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება.
6 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში "ტვ პირველისა" და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ერთი თვით შეუჩერეს აკრედიტაცია.
მანამდე, 1 აპრილს, ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში გასული სიუჟეტის საფუძველზე აკრედიტაცია შეუჩერეს „ფორმულის" ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილსაც. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ცდილობდა დეპუტატ ნინო წილოსანისგან პასუხის მიღებას „PosTV"-ის დამფუძნებლისა და ტელეწამყვანის, შალვა რამიშვილის საკითხზე.
ასევე ნახეთ ზოგიერთი ჟურნალისტი გაცდენილი იყო ეთიკური ჟურნალისტის მინიმალურ სტანდარტს - პაპუაშვილი