მაღალი თანამდებობის პირმა ვაშინგტონიდან აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ანონიმურობის დაცვის პირობით, დამატებითი განმარტებები მისცა „რადიო თავისუფლებას“.
„მნიშვნელოვანი მომენტი“ და „უკუსვლა“
2023 წლის 5 აპრილს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, რომლებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, წარმოადგენენ „სასამართლოს კლანის“ საყრდენს:
- მიხელ ჩინჩალაძეს
- ლევან მურუსიძეს
- ირაკლი შენგელიას
- ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე).
სანქციები ეხებათ მათი ოჯახის წევრებსაც - მეუღლეებსა და შვილებს.
ასევე ნახეთ „ოჯახის წევრებიც“ - ვინ ვეღარ შევა აშშ-ში სანქციადადებული მოსამართლეების ოჯახებიდან?ვაშინგტონის თანახმად, ეს ოთხი მოსამართლე მონაწილეობდნენ „მნიშვნელოვან კორუფციაში“, რომელმაც „ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში და ამით დაემუქრა საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისა და ნატოსკენ“.
მაღალჩინოსნის თქმით, ეს არის „მნიშვნელოვანი მომენტი“ - „პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა ვიზასთან დაკავშირებული სანქციები საქართველოს თანამდებობის პირების მიმართ“.
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა, ჯიმ რიშმა სახელმწიფო დეპარტამენტის 5 აპრილის გადაწყვეტილებას უწოდა „დაგვიანებული, მაგრამ მისასალმებელი“.
ვაშინგტონელი მაღალი თანამდებობის პირი გვეუბნება: „ჩვენ დიდი ხანია, შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო“.
ამერიკელი მაღალჩინოსანი მიმართავს საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას, რომ „აშშ კვლავ მზად არის, დაეხმაროს ნებისმიერი გზით საქართველოს ევროკავშირის მიერ გასულ წელს დასახული ნაბიჯების განხორციელებაში, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას“.
რატომ ახლა და რაზე დაყრდნობით?
მაღალი თანამდებობის პირი ასევე ხაზს უსვამს, რომ „ეს შეზღუდვები არ არის პოლიტიკური“.
კითხვაზე, რის გამო მიიღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ახლა ეს გადაწყვეტილება, იგი უპასუხებს, რომ „როდესაც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია უცხოელი ოფიციალური პირის მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის შესახებ, ჩვენი კონგრესი მოითხოვს ჩვენგან, შევზღუდოთ ამ თანამდებობის პირების შეერთებულ შტატებში გამგზავრების შესაძლებლობა“.
ამასთან, პოლიტიკის ექსპერტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან, - რომელიც ასევე ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა „რადიო თავისუფლებას“, ამბობს, რომ ეს „ხანგრძლივი, საფუძვლიანი პროცესია“:
„ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი ხანი დასჭირდა [ამ გადაწყვეტილების მიღებას], მაგრამ ეს სიღრმისეული, საფუძვლიანი პროცესია, [ჯერ] ვრწმუნდებით, რომ ზედმიწევნით ვაფასებთ [ინფორმაციის] სანდოობას და დარწმუნებული ვართ იმ ინფორმაციაში, რაც გვაქვს“, - ამბობს ექსპერტი.
სავიზო შეზღუდვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კონკრეტულად რა ინფორმაციას დაეყრდნო სახელმწიფო დეპარტამენტი?
- „[ამ სანქციის დაწესებისას] სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა სანდო ინფორმაცია, რომელიც აკავშირებდა აღნიშნულ პირებს კონკრეტულ კორუფციულ ქმედებებთან;
- ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო საჯარო სფეროში, ხელმისაწვდომი საქართველოს ხელისუფლებისთვის;
- იყო სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს პირები ბოროტად იყენებდნენ თავიანთ პოზიციებს, მანიპულაციებით [წყვეტდნენ] როგორ განაწილებულიყო საქმეები, ახდენდნენ გავლენას გადაწყვეტილებებზე და არასათანადოდ იყენებდნენ თავიანთ პოზიციებს [კადრების] დანიშვნებისათვის და ზეწოლისათვის…
- თუმცა, მე არ შემიძლია უფრო კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვისაუბრო აშშ-ს კანონმდებლობის [შეზღუდვების] გამო“, - აცხადებს ექსპერტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
იქნება კიდევ სანქციები?
ექსპერტის თქმითვე, დაწესებული სანქციები ტექნიკურად წარმოადგენს მხოლოდ სავიზო შეზღუდვებს:
საქართველოში აშშ-ის საელჩო 5 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას, პასუხად წერს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ არ აანონსებს სანქციებს“.
იცვლება აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ?
მაღალჩინოსანი ვაშინგტონიდან „რადიო თავისუფლების“ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა გუშინდელი გადაწყვეტილება აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს, საქართველოს მთავრობის მიმართ, ასე უპასუხებს:
„საქართველოსა და აშშ-ს აქვთ ძლიერი პარტნიორობა და ურთიერთობა უკვე ათწლეულებია... აშშ-ის მთავრობა და ამერიკელი ხალხი დგანან საქართველოს გვერდით, [უმაგრებენ ზურგს] იმ ხედვას, რაც მათ აქვთ მომავლისთვის დასახული. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ეს შეიძლება იყოს მუდმივი ფოკუსირება იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ საქართველოს იმ მიზნების მიღწევაში, რაც თავად დასახული აქვს“.
მისი განცხადებით, „აშშ კვლავ განიხილავს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს“: „პარტნიორები და მეგობრები ყოველთვის არ თანხმდებიან და ზოგჯერ რაღაცები შეიძლება [ჩვეულებრივზე] უფრო რთული იყოს, მაგრამ, ვფიქრობ, სწორედ ამ დროს ხდება უფრო მნიშვნელოვანი ერთმანეთთან საუბარი და ერთობლივად მუშაობისათვის გზების პოვნა“.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის, ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, პლენარული სხდომა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ბოლო სამი წელია, არ ჩატარებულა.
ასევე ნახეთ 3 წელია არ შეკრებილან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფები ასევე ნახეთ რა ვიცით აშშ-ში სანქცირებული ქართველი მოსამართლეების შესახებ