მოსამართლე ლევან მურუსიძემ, რომლის სანქცირების გადაწყვეტილებაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის საელჩოს მხრიდან სასამართლოს ხელში ჩაგდების მიზანს ემსახურება. მისი სიტყვებით, წლების განმავლობაში იყო სასამართლოს შიგნით არეულობის გამოწვევის, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდების მცდელობა და არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სიცოცხლის მოსპობის საფრთხის წინაშეც აღმოჩნდეს. ამასთან, მურუსიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ აშშ-ის საელჩო, შესაძლოა, მის სატელეფონო საუბრებს უსმენდეს.
„საქმე არ არის კორუფციაში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია ეს არის შირმა და აპრობირებული მეთოდი, რომლითაც გარკვეული მიზნის მიღწევა ხდება“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ და განმარტა მიზანი, რისთვისაც, მისი აზრით, მოსამართლეებს კორუფცია ჰბრალდებათ. მურუსიძის სიტყვებით, ეს არის აშშ-ის საელჩოს სურვილი, ხელში ჩაიგდოს სასამართლოს სისტემა.
მურუსიძის თქმით, წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების, შემდეგ პოლიტიკური პარტიების, მერე კი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებშიც სასამართლო კლანზე იყო საუბარი. ამან, მურუსიძის თანახმად, შედეგი ვერ გამოიღო და „შესაბამისად მიიღეს ეს გადაწყვეტილება.“
მურუსიძის თქმით, „ელჩი დეგნანი კონკრეტულ საქმეებზე გამოდიოდა და იძახდა, რომ გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არ არის უკანონო და არადასაბუთებული. ჩემთვის ყოველთვის გასაკვირი იყო, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულ საქმეში, მაგრამ აქ ჩანდა მისი მიზანი და რეალურად ამ დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა „მესიჯი“ და ეს „მესიჯი“ მდგომარეობს შემდეგში: თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები და რაც შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ. ეს არის ჩემთვის ცალსახა“, - თქვა მურუსიძემ.
მან მოიყვანა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მაგალითი, რომელსაც ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, აშშ-ში სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცეს. ლევან მურუსიძის სიტყვებით, ლაშა ჩხიკვაძის საქმე არის „აისბერგის თავი“.
„წლების განმავლობაში ჩემთან მოდიოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათთვის სასურველი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება, კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს. ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, ეს კონკრეტული ჩარევები როცა ხდებოდა, ამასაც საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ნახავს“, - თქვა მურუსიძემ.
მისი სიტყვებით, „ხდება მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან, მათ შორის ქართული სტაფის მხრიდან ჩხეიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც 25-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ სასამართლოს კეთილდღეობისთვის ამას არ იყენებენ". იყენებენ იმისთვის, რომ სასამართლოს სისტემაში მოხდეს დაპირისპირება.
„ამას პირდაპირ გეუბნებით, რომ მომხდარიყო, ვთქვათ, ისეთი არაჯანსაღი სიტუაცია და ამას ცდილობდნენ მუდმივად, თვითონ ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო-სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, რაც არის წარმოუდგენელი თემა და ცდილობდა, სათითაო მოსამართლეზე მისი გავლენა მოეხდინა“, რათა ისინი სასამართლო სისტემას დაჰპირისპირებოდნენ. ლევან მურუსიძის სიტყვებით, ეეჭვება სასამართლო სისტემაში დაპირისპირება მოხდეს, იმდენმა მოსამართლემ დაურეკა მხარდასაჭერად.
"თუმცა, ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ, შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, იმდენად დიდი მიზანია მათი, სასამართლო სისტემა ჩაიგდონ ხელში“, - თქვა მურუსიძემ. მან აღარ უპასუხა მედიის შეკითხვას, ამერიკის საელჩოს აქვს მისი ლიკვიდაციის სურვილი? და დაამატა მხოლოდ ის, რომ „აშშ-ის საელჩოს უნდა სასამართლო სისტემის მისაკუთრება“.
მურუსიძე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის განცხადებასაც იმაზე, რომ სასამართლო სისტემა არ არის ღამით განხორციელებული ზარები და ქრთამის მიცემა და განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ. მურუსიძემ ელჩს ჩანაწერების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა.
“მოსამართლე, გამოვიდა, ფაქტობრივად, იყო პერიოდი, როცა მეფის ნაცვალი იყო ჩვენთან. თუ ქალბატონმა ელჩმა იცის, რომ ღამის ზარებს ახორციელებს ლევან მურუსიძე, მისმენენ ე.ი ტელეფონზე. თუ ტელეფონზე მისმენენ და მას აქვს ინფორმაცია, რომ მე ღამის ზარებს ვახორციელებ, გამოაქვეყნოს, გამოაქვეყნოს, რა ზარებს ვახორციელებ მე“, - თქვა ლევან მურუსიძემ.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია "მთავარ არხთან" ინტერვიუში პირდაპირ არ უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებებს და ელჩის მისამართით დასახელებულ ბრალდებებს. მან კვლავ დაწესებული სანქციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"ეს ნაბიჯები მიღებულია საქართველოს სურვილის მხარდაჭერად, რომ ჰქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ეს არის პროცესის ნაწილი, რაზეც საქართველო წლები მუშაობდა და აშშ მხარს უჭერდა. როდესაც "ქართული ოცნება" მოვიდა, მათ საარჩევნო პროგრამაში საუბარი იყო სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, დამოუკიდებლობაზე. აშშ ძალიან კარგად მუშაობდა ხელისუფლებასთან სისტემის რეფორმის 4 ტალღაზე და მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი პროგრესიც მიიღწა, თუმცა, ბოლო წლებში ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური ნების ნაკლებობა, გაგრძელებულიყო შინაარსიანი რეფორმები. რეაქცია, რაც ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ რომ ჩვენ წლებია, გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, ვეხმარებით, გააუმჯობესონ ეფექტიანობა, მოსამართლეების ტექნიკური უნარები. ძალიან ბევრ მოსამართლეს შევხვედრივარ და ისინი არიან შრომისმოყვარეები, კეთილსინდისიერები და ერთგულები, რომ აღასრულონ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე. ეს 4 ადამიანი, იმ სპეციფიურ ინფორმაციაზე დაფუძნებით, რაც ჩვენ გვქონდა, ხელს უშლიდა ამ მოსამართლეებს. ეს არაა პოლიტიკურ პარტიაზე, ზოგადად სასამართლო სისტემაზე ან ყველა მოსამართლეზე, ესაა 4 პირზე", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, "მთავარი არხის" თარგმანის მიხედვით.
მისივე სიტყვებით, როდესაც აშშ-ს აქვს სანდო ინფორმაცია კორუფციის შესახებ, მათი ვალდებულებაა, გამოაცხადონ სავიზო სანქციები. "ეს ინფორმაცია დადგინდა და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - თქვა კელი დეგნანმა.
5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეკისრებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც განმარტა ის მიზეზები, რის გამოც მიიღეს ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება.
ელჩმა თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".
ასევე ნახეთ აშშ-ს საელჩო: სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები აზიანებდნენ სამართლის უზენაესობას ასევე ნახეთ „ენტონი ბლინკენს მოაწერინეს ხელი, ის გასვარეს ამ საქმეში" - კობახიძე მოსამართლეებისთვის სანქციების დაკისრებაზე ასევე ნახეთ იმედია, წარმოადგენთ მტკიცებულებებს ან გადახედავთ გადაწყვეტილებას - დარჩიაშვილის წერილი ბლინკენს