საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი და მმართველი პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს მოსამართლეების დასანქცირების გადაწყვეტილებას. მან ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას უსამართლობა და ცინიზმი უწოდა.
„სააკაშვილის დროს არ დასანქცირებულა არც ერთი ქართველი მოსამართლე… მეტიც, სააკაშვილს ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისათვის აჯილდოებენ… მხოლოდ ამიტომ არის მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა! და აქ ომი არ იქნება!!! ვერც სააკაშვილის რეჟიმი დაბრუნდება ვერასდროს!!!
შესაბამისად, ვერც ამ ქვეყნის უკრაინიზაციას და ცეცხლის ალში გახვევას მოახერხებს ვერავინ!" - დაწერა დიმიტრი სამხარაძემ.
დღეს, 5 აპრილს, აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცია დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
ასევე ნახეთ აშშ-ს საელჩო: სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები აზიანებდნენ სამართლის უზენაესობას ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოს 4 მოსამართლეს სანქციები დაუწესა