5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაედო საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
ასევე ნახეთ აშშ-ს საელჩო: სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასმურუსიძე 2018 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. ის, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. ეს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ. საბჭოში წევრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოქმედმა მოსამართლეებმა უარი თქვეს იქ მუშაობის გაგრძელებაზე.
ლევან მურუსიძემ რამდენიმე თვის წინ საჯარო განცხადებაში დააკნინა აშშ-ის საელჩოს ის პროგრამა, რომელიც ქართველ მოსამართლეებს კვალიფიკაციის გაღრმავებაში ეხმარებოდა. მურუსიძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოიხსნა.
„ამერიკული სამოქალაქო სამართალი და ჩვენი ისე არის ერთმანეთთან, როგორც ამერიკული და ევროპული ფეხბურთი - ისინი ხელით თამაშობენ, ჩვენ - ფეხით... კარგია, გასაგებია, რომ დაისვენებს მოსამართლე, შენობას ნახავს, ნახავს, რა დიდებულია ამერიკის შეერთებული შტატები, ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო ეფექტურად რომ იყოს ეს ყველაფერი გამოყენებული, ხომ შეიძლება, რომ გქონდეს ურთიერთობა“, - ამბობდა მურუსიძე საელჩოს იმ პროგრამაზე საუბრის დროს, რომლითაც ქართველი მოსამართლეები აშშ-ში მიდიოდნენ.
2022 წლის 6 აგვისტოს ეთერში გავიდა „სტუდია მონიტორის“ საგამოძიებო ფილმი, რომელიც მოსამართლე ლევან მურუსიძის დაუსაბუთებელ ქონებას შეეხებოდა.
ლევან მურუსიძის საქმიანობას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს აკრიტიკებდნენ. ის 2006 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო - 2007 წელს მისი მონაწილეობით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა მან სააპელაციო სასამართლოში მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საქმეზე გამოძიება უხარისხოდ ჩატარდა, ფაქტები კი მიჩქმალეს.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაულია. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე თქვა, რომ "გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება".
მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს გაიმეორა ლევან მურუსიძის მიერ გაჟღერებული ვერსია, რომ მას არ ჰქონდა მაშინ სამართლებრივი ბერკეტები.
მასალა არქივიდან ივანიშვილი: მურუსიძეს არ ჰქონდა გირგვლიანის საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების ბერკეტი
ისიც, ლევან მურუსიძის მსგავსად, არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე. მიხეილ ჩინჩალაძეს 2005 წელს მიღებული აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მინიჭებული ღირსების ორდენი. 2022 წლის ივლისიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 წლის ვადით.
2017 წლის მაისში, როცა მას უვადო მოსამართლედ ამტკიცებდნენ, საკუთარი გასაუბრება დახურა - შესაბამისად, საზოგადოებისთვის უცნობი იყო, რა კრიტერიუმით აირჩიეს ის. 2018 წელს ასევე იყო უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს შორის, რის გამოც მმართველი პარტია დატოვა მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ.
მისი სახელი და გვარი გაჟღერდა "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებითაც, როცა მიხეილ ჩინჩალაძე და იმ დროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. მაშინ ლევან მურუსიძემ თქვა, რომ ეს ბრალდება იყო ცილისწამება და მოკვლევა ვერ დაიწყებოდა.
შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავმჯდომარე ჩინჩალაძის მოადგილედ მუშაობს 2021 წლიდან. მისი მოსამართლეობის კარიერაც წინა ხელისუფლების დროს იწყება.
2020 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, როცა მისი ახლო ნათესავი ამ საბჭოში კანდიდატად წარდგა. ის კანდიდატ ლევან თევზაძის ცოლისძმა იყო. მან მაშინ თქვა, რომ არ ჰქონდა თვითაცილების საფუძველი.
2020 წლის ივლისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ისაუბრა ირაკლი შენგელიას კავშირებზე. იმ დროის მონაცემებით:
- ირაკლი შენგელიას ცოლი, ლანა თევზაძე მუშაობდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;
- ირაკლი შენგელიას და, თინათინ შენგელია - სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სპეციალისტად;
- ირაკლი შენგელიას დისშვილი, სალომე კაცაძე - მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, როცა არასამთავრობო სექტორი "სასამართლოს მახინჯ პრაქტიკაზე" საუბრის დროს აღნიშნავდა, რომ მოქალაქეებს პატიმრობას უსჯიდნენ მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებით, მოსამართლე შენგელია ამბობდა:
"რაც შეეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებას, როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა მტკიცებულება რა შეიძლება იყოს, გარდა პოლიციელთა ჩვენებისა, როცა პირი სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა მიუსაჯო მას. უდიდესი ნდობა სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფო მოხელეა, სხვა რა უნდა იყოს".
ვალერი ცერცვაძე
ცერცვაძე დასანქცირებული ოთხი ადამიანიდან ერთადერთია, რომელიც აღარ იკავებს მოსამართლის თანამდებობას. ისიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო სასამართლოში მაღალ თანამდებობებზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაცემებით, 2008 წლის 8 ოქტომბერს აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. ის იმ დროს უკვე იკავებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას.
ცერცვაძემ 2017 წელს ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა. ეს პოსტი მალევე ჩინჩალაძემ დაიკავა. არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობდნენ, რომ მომავალი თავმჯდომარის ვინაობა წინასწარ იყო გადაწყვეტილი.