აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც მიიღეს ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება. დეგნანმა ამ საკითხზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.
ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოს 4 მოსამართლეს სანქციები დაუწესა"მათი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
აღნიშნული კორუფციული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ", - ამბობს კელი დეგნანი.
მან განმარტა, რომ ამერიკის კანონმდებლობის საფუძველზე მსგავსი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
"საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს მართლმსაჯულებას, სამართლის უზენაესობას და უფლებას სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოზე, მათი ქონებრივი მდგომარეობის, ოჯახური თუ პოლიტიკური კავშირების მიუხედავად. აღნიშნული სანქციები ასახავს ამერიკისთვის კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას. კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას", - თქვა ელჩმა.
ის აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და სანქცირების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სწორედ ამ მიზნით:
"სანქცირების გადაწყვეტილება ასევე გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა შრომისმოყვარე, ნიჭიერი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ, რომელთაგან ბევრს მე უკვე შევხვდი. მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა და აღასრულონ მართლმსაჯულება ზეწოლის, მუქარისა და ჩარევის გარეშე".
ასევე ნახეთ რა ვიცით აშშ-ში სანქცირებული ქართველი მოსამართლეების შესახებდღეს, 5 აპრილს, აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხებათ არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.