ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) უცნაურს უწოდებს რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის (ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი) სიკვდილის შესახებ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას, კრემლის ცნობილი პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანის, თინა კანდელაკისა და სხვებისგან განსხვავებით, პრიგოჟინმა ტატარსკის სიკვდილში არ დაადანაშაულა „კიევის რეჟიმი“ და განაცხადა, რომ რუსეთში „მოქმედებს რადიკალების ჯგუფი“, რომელსაც მთავრობასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს.
ვლადლენ ტატარსკი 2 აპრილს ააფეთქეს სანქტ-პეტერბურგის კაფე "სტრიტფუდ ბარში", რომელიც ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა.
ასევე ნახეთ პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ მას ეკუთვნოდა კაფე, სადაც რუსი სამხედრო ბლოგერი ააფეთქესომის შემსწავლელი ინსტიტუტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის და პუტინის იდეოლოგიის აქტიურ მხარდამჭერს, მაქსიმ ფომინს (ვლადლენ ტატარსკი) ღრმა კავშირები ჰქონდა „ვაგნერთანაც“, კრემლთანაც, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკასა და რუს ნაციონალისტებთან და მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და არმიის სარდლობას.
ამერიკელი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ფომინის მკვლელობა ნაწილია რუსეთში შიდა კონფლიქტების ესკალაციის გაცილებით დიდი სქემის, რომელშიც პრიგოჟინი და „ვაგნერი“ მონაწილეობენ და გაფრთხილებაა პრიგოჟინისთვის, რომელიც სულ უფრო ხშირად გამოთქვამს ეჭვს უკრაინასთან ომის შესახებ კრემლის ძირითადი თეზისების გამო და მისგან ირიბად მოდის სიგნალები, რომ რუსეთის პრეზიდენტობა სურს.
სამხედრო ბლოგერი მაქსიმ ფომინი(ვლადლენ ტატარსკი) 2 აპრილს ააფეთქეს სანქტ-პეტერბურგში მდებარე კაფე "სტრიტფუდ ბარში", სადაც მკითხველებს ხვდებოდა.
რუსული სააგენტოები სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით წერენ, რომ თვითნაკეთი, რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე დაახლოებით 200 გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო, ვლადლენ ტატარსკისთვის ახალგაზრდა ქალის მიერ საჩუქრად გადაცემულ სტატუეტში იყო ჩამონტაჟებული.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ინტერფაქსი“ შსს-ში თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, 26 წლის დარია ტრეპოვა, რომელმაც კაფეში ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიტანა. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. გამოცემა "ბაზა" წერს, რომ ტრეპოვას ჯერ ისევ ეძებენ. პოლიცია ეძებს დარია ტრეპოვას ქმარსაც, დმიტრი რილოვს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეგრამზე დაწერა, რომ ვლადლენ ტატარსკის "პროფესიული საქმიანობა და სამშობლოს სამსახური კიევის რეჟიმის სიძულვილს იწვევდა".
სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტვიტერზე გამოქვეყნებული კომენტარით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. მისი შეფასებით, რუსეთში შიდა ტერორიზმის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაქცევა მხოლოდ დროის საკითხი იყო.