რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას ეკუთვნოდა სანქტ-პეტერბურგში მდებარე კაფე "სტრიტფუდ ბარი", სადაც 2 აპრილს აფეთქება მოხდა. მოკლულია სამხედრო კორესპონდენტი და ბლოგერი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის აქტიური მხარდამჭერი ვლადლენ ტატარსკი(ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი).
3 აპრილს, პრიგოჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამით გაავრცელა მისი კომენტარი, რომ კაფე გადასცა "პატრიოტულ" მოძრაობას, „კიბერ ფრონტ Z-ს", რომელიც იქ სემინარებს ატარებდა. 2 აპრილს, ტატარსკი კაფეში მკითხველებს ხვდებოდა. "ვაგნერის" დამფუძნებელი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობას არ აკისრებს უკრაინას.
ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ვლადლენ ტატარსკის სიკვდილი ჰგავს დარია დუგინას დაღუპვას, მაგრამ „ამ ქმედებებში კიევის რეჟიმს არ დაადანაშაულებდა". პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ „მოქმედებს რადიკალების ჯგუფი“, რომელსაც მთავრობასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. კრემლის ნაციონალისტი იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია 2022 წლის აგვისტოში დაიღუპა. ავტომანქანა, რომელსაც დუგინა მართავდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. რუსეთმა დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინა დაადანაშაულა. კიევი ამას უარყოფს.
რუსული სააგენტოები სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით წერენ, რომ თვითნაკეთი, რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე დაახლოებით 200 გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო, ვლადლენ ტატარსკისთვის ახალგაზრდა ქალის მიერ საჩუქრად გადაცემულ სტატუეტში იყო ჩამონტაჟებული.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ინტერფაქსი“ შსს-ში თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, 26 წლის დარია ტრეპოვა, რომელმაც კაფეში ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიტანა. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. გამოცემა "ბაზა" წერს, რომ ტრეპოვას ჯერ ისევ ეძებენ. პოლიცია ეძებს დარია ტრეპოვას ქმარსაც, დმიტრი რილოვს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად დაიჭრა 30 ადამიანი, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეგრამზე დაწერა, რომ ვლადლენ ტატარსკის "პროფესიული საქმიანობა და სამშობლოს სამსახური კიევის რეჟიმის სიძულვილს იწვევდა".
სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტვიტერზე გამოქვეყნებული კომენტარით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. მისი შეფასებით, რუსეთში შიდა ტერორიზმის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაქცევა მხოლოდ დროის საკითხი იყო.