უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბახმუტზე შტურმი გრძელდება

საილუსტრაციო ფოტო. დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ შტურმს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე.

გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, ბახმუტთან მოგერიებულია 20-ზე მეტი შეტევა. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ბახმუტის გარდა, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრშია ავდეევკა და მარინკაც. გენერალური შტაბი ლიმანს ასახელებს კიდევ ერთ რაიონად, სადაც რუსეთს ძირითადი ძალისხმევა აქვს კონცენტრირებული. უკრაინული მხარის თანახმად, ბოლო 24 საათში, ამ 4 მიმართულებით მოგერიებულია 70-ზე მეტი შეტევა.

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა წუხელ, ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშა აღმართეს ქალაქ არტიომოვსკის ადმინისტრაციის შენობაზე. რუსეთი არტიომოვსკს უწოდებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს. პროგოჟინის განცხადებით, დროშის აღმართვა მიუძღვნეს სანქტ-პეტერბურგში, აფეთქების შედეგად დაღუპულ სამხედრო კორესპონდენტ ვლადლენ ტატარსკის.

ასევე ნახეთ პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ მას ეკუთვნოდა კაფე, სადაც რუსი სამხედრო ბლოგერი ააფეთქეს

„ვაგნერის“ დამფუძნებლის განცხადებით, „იურიდიულად ბახმუტი აიღეს“ და ქალაქის მთელ ცენტრალურ ნაწილში რუსეთის დროშები აღიმართება. პრიგოჟინის თანახმად, უკრაინის ძალები ბახმუტის დასავლეთ უბნებში რჩებიან.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, 2 აპრილს რუსული ძალები განაგრძობდნენ შეტევას ბახმუტსა და მის შემოგარენზე. ცენტრის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ბახმუტის ქარხანა "აზომის" ტერიტორიაზე, რომელსაც რუსები აკონტროლებენ.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" რვა თვეა ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.