უკრაინის გენშტაბი: ბახმუტზე შტურმი გრძელდება, მოგერიებულია 28 შეტევა

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედროები ქალაქ ბახმუტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით. გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტი, ბელოგოროვკა, ავდეევკა და მარინკა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ავდეევკის, მარინკის და ლიმანის მიმართულებებით რუსეთის შეტევებს წარმატება არ მოჰყოლია. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგე განაგრძობს შტურმს ქალაქ ბახმუტზე, სადაც თავდაცვის ძალებმა 28 შეტევა მოიგერიეს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, რუსეთის ძალებმა მცირედით წინ წაიწიეს ბახმუტის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში და ქალაქ ავდეევკაში.

ასევე ნახეთ ზელენსკი: ბახმუტში გამარჯვებას პუტინი მიჰყიდის საკუთარ საზოგადოებას, დასავლეთს, ჩინეთს, ირანს

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის ინფორმაციით, ბახმუტსა და მის შემოგარენში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 6 ათასამდე წევრი და ამ დაჯგუფების მიერ ბოლო ხანს დაქირავებული 20-30 ათასი პირი.

29 მარტს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას გენერალმა მილიმ განაცხადა, რომ ბახმუტში „ვაგნერელებს“ დიდი დანაკარგი აქვთ.

ასევე ნახეთ "ვაგნერის" ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლამ მის ძალებს დიდი ზიანი მიაყენა

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" რვა თვეა ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.