ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შენობაში ათეულობით მედიკოსია შეკრებილი და ხელმძღვანელი პირების გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, დირექტორი, ზაზა ავალიანი გადაწყვეტილებებს არ იღებს თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები მას შემდეგ დაიწყეს საპროტესტო შეკრებები, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ კლინიკის შენობა უნდა დანგრეულიყო - ამ დრომდე არ იციან, რა ბედი ეწევათ იქ დასაქმებულ ასეულობით თანამშრომელს.
"სამინისტროს პოზიცია ყოველთვის გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავია... ჩვენი მიზანია, გავიგოთ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოხდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია, რა დაემართება პერსონალს და ჩვენი მოთხოვნაა, არ შეწყდეს სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობა", - ამბობს კლინიკის ერთ-ერთი ექიმი "მთავარ არხთან" საუბრის დროს.
დღეს, 27 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე.
"ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც, რა თქმა უნდა, არის სიცრუე - არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურისა და ხელფასის გარეშე. გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო, საუბარია იმავე ადგილზე ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. მღელვარების საფუძველი არ გვაქვს", - თქვა მან.
ასევე ნახეთ თამარ გაბუნიას თქმით, „რესპუბლიკური საავადმყოფოს" კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულიასაქართველოს მთავრობამ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფოს, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. თანამშრომელბის ერთი ნაწილი ამბობს, რომ ამის შესახებ მათ ტელეეთერებიდან გაიგეს, როცა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ამ საკითხზე ისაუბრა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის აუცილებლობაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ, 15 თებერვალს, ისაუბრა. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მალე გახდება ცნობილი, "სად და რა კონცეფციის" რესპუბლიკური საავადმყოფო აშენდება დაახლოებით 2-2,5 წელში.
"ძალიან ბევრი ძალისხმევა გვქონდა, რომ რაღაცები შეგვერემონტებინა, რაღაცა შეგვეცვალა, მაგრამ შეუძლებელია იქ იმ პირობებში რაიმეს გამოსწორება, თუ სრული რეაბილიტაცია არ მოხდება იმ დონეზე, რომ შენობა, სტანდარტებს, რომელიც ჩვენ ყველა კლინიკებს მოვთხოვეთ 2024-25 წლის ბოლოდან, ვერანაირად დააკმაყოფილებს.
ფინანსურად უფრო ეფექტიანია დანგრევა და აშენდება იმ ზომის, იმ ფორმის - სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და აღჭურვილი იქნება თანამედროვედ, იქნება მრავალპროფილური. დღეს პაციენტს მრავალპროფილურ მომსახურებას ვერ ვთავაზობთ. როგორ არ ვცადე, მაგრამ იმდენად რთული ინფრასტრუქტურული და აღჭურვის პრობლემებია, რომ შეუძლებელია ამ პირობებში რაიმეს მივაღწიოთ", - თქვა "რუსთავი 2-ის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა.
ასევე ნახეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევა იგეგმება - თანამშრომლები უმუშევრად დარჩენაზე ღელავენ