შარლ მიშელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა

ილჰამ ალიევი, შარლ მიშელი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში, 2022 წლის 31 აგვისტოს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იუწყება, რომ შაბათს, 25 მარტს ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

„განვიხილეთ ამჟამინდელი ვითარება ადგილზე. ხაზი გავუსვი ევროკავშირის მზაობას, დაეხმაროს მათი ქვეყნების [ურთიერთობების] ნორმალიზაციის პროცესსა და რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას“, - წერს პრეზიდენტი მიშელი ტვიტერზე.

რამდენიმე დღის წინ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.

მათთან საუბრის შემდეგ ბლინკენმა დაწერა, რომ დიპლომატია და პირდაპირი საუბრები არის „ერთადერთი გზა განგრძობადი მშვიდობის დასამყარებლად“ და შეერთებული შტატები მოწადინებულია, ორ ქვეყანას ამაში დაეხმაროს.

სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტ ალიევთან საუბრის შემდეგ ასევე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ლაჩინის დერეფნის, - ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქისა და სომხეთის დამაკავშირებელი გზის, - კომერციული და კერძო ავტომობილებისათვის გახსნის საჭიროებას.

21 მარტს მოსკოვში ჩავიდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. საერთო პრესკონფერენციაზე მისმა კოლეგამ რუსეთიდან, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „დასავლეთი ცდილობს რუსეთისა და სომხეთის დაყოფას“, სურს რუსეთის დისკრედიტაცია სამშვიდობო პროცესში და „რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის ძირის გამოთხრა“.

ბოლო რამდენიმე კვირაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა პიკისკენ მიიწევს.

ასევე ნახეთ სომხეთ-აზერბაიჯანი მორიგი ომის ზღვარზე