გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ანალენა ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შიდა ქართლის სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. მას ადგილზე ვითარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა გააცნეს.

მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა რაიონში უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. განცხადების თანახმად, "მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას თუ რა უარყოფით გავლენას ახდენენ ‘ბორდერიზაციის’ მიმდინარე ქმედებები და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივი დაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე".

მისიის ცნობითვე, გერმანიას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, გერმანიის 28 მოქალაქის სახით.

ოძისში ჩასვლამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს დახურულ ფორმატში შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, სალომე ზურაბიშვილმა ბერბოკთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და "ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის".

უწყების ცნობითვე, გერმანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩამოვიდა რათა თქვას, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს.

"ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს", - განაცხადა ბერბოკმა. პრეზიდენტთან შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

დღეს, 24 მარტს, ანალენა ბერბოკმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა და ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანია ინტენსიურად აკვირდებოდა გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის ირგვლივ.

"მე მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, თბილისის ქუჩებში ქართველი კაცები და ქალები აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშებს და ეს ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას...

"აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება".

ასევე ნახეთ "აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა - ბერბოკი 
ასევე ნახეთ ანალენა ბერბოკი: ქარიშხალშიც საჭიროა მეგობრების გვერდით დგომა

დღესვე დაგეგმილია ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სტუდენტებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით, საქართველოში ვიზიტით ქალბატონი ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას.