საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მათ შეხვედრას მედია არ დასწრებია. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და "ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის".
პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტი მხარდაჭერის გამოხატულებას.
"აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა", - განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა.
უწყების ცნობითვე, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ ჩამოვიდა, რათა თქვას: "საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს".
"ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს", - განაცხადა ბერბოკმა.
ასევე ნახეთ ანალენა ბერბოკი: ქარიშხალშიც საჭიროა მეგობრების გვერდით დგომასაქართველოში მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრამდე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, მანამდე კი - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
დაგეგმილია ასევე შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, სტუდენტებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ანალენა ბერბოკი ასევე აპირებს ჩავიდეს საოკუპაციო ხაზთან.
გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით, საქართველოში ვიზიტით ქალბატონი ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას.