მეგრელიშვილი პრემიერს: "ერთი და იგივე მოთხრობა, ბატონო ირაკლი, რამდენი წელი შეიძლება მოგვიყვეთ?"

ვახტანგ მეგრელიშვილი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, "გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და უთხრა, რომ ამ ქვეყნისთვის რუსულ რაკეტებზე დიდი საფრთხე მმართველი პარტიაა, რომელიც დასავლეთის ლანძღვით და ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის გაღრმავებით არის დაკავებული.

"ყველაზე დიდი საფრთხე თქვენ ხართ, ლაპარაკის უნარი აღარ გაქვთ, დაგავიწყდათ", - თქვა ვახო მეგრელიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ პარლამენტში შეუძლებელია ცივილიზებული დებატები მნიშვნელოვან საკითხებზე და ამის დასტურად მოიყვანა თავდაცვის შესახებ კანონპროექტი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო ახლა განიხილავს. მეგრელიშვილმა მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას ამ მათთვის მიუღებელი კოდექსის ინიციირებისთვის, რამაც, მისი თქმით, პარტია "გირჩს" მისცა საშუალება საზოგადოებასთან კიდევ ერთხელ ელაპარაკათ იმაზე, რა არის ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რა უნდა დაიცვას საზოგადოებამ და რისთვის არის საჭირო უსაფრთხოება. გირჩი არ ეთანხმება სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ იმ ცვლილებებს, რომელთა გატარებაც ინიციირებული კანონპროექტით იგეგმება.

"ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ გვიცავს, არის ის საერთაშორისო წესრიგი, რაც ჩვენმა პარტნიორებმა თავის დროზე ააგეს. რა პროცენტია, თქვენი აზრით, დამსახურება იმის, რომ ჩვენ ახლა მშვიდად ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში ჩვენი არმიის, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების, ჩვენი რისკებისადმი მომზადების და რა პროცენტია ჩვენი მეგობრების წილი ჩვენს თავდაცვაში, მათი მხარდაჭერის მოცულობა, რომ, მაგალითად, ახლა რუსები რაკეტებს არ გვესვრიან.

ჩემი წარმოდგენით, ის კანონი, რომელიც თქვენ შემოიტანეთ, რასაც ჩვენ ვიხილავდით, თავდაცვის კოდექსი, არის ყველაზე უფრო ნათელი მაგალითი იმის, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ, რამდენად არ შეგვიძლია არცერთი სერიოზული საკითხის განხილვა ისე, რომ ერთმანეთს თვალებში ვუყურებდეთ და კითხვებზე პასუხებს ვცემდეთ. მთავარი ჩვენი პრობლემა უსაფრთხოების თვალსაზრისით, რასაც რუსეთი გვიკეთებს, არის ის, რომ მოახერხა საქართველოში მუდმივი დაპირისპირების გაღვივება და შენარჩუნება.

11 წლის თავზე თქვენ მოჰყევით ის ისტორია, რასაც 11 წლის განმავლობაში ჰყვებით თქვენს ოპონენტზე, რომელიც, ფაქტობრივად, თქვენი ალტერ ეგო გახდა, ოპონენტზე, რომელიც გაუგებარია თქვენგან რითი განსხვავდება.

სად მოვედით ამ 11 წლის განმავლობაში, იმ დროს, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება დაფიქრება იმაზე, როგორი ქვეყანა გვინდა.

თუ დასავლეთი არ არის ჩვენი მომავალი, დასავლეთში არ მივდივართ, აბა, რა არის? ეს არის ერთადერთი სივრცე, სადაც ჩვენ შეიძლება ჩავერთოთ კაცობრიობის იმ განვითარებაში, რომელიც შეიძლება იყოს ერთადერთი ალტერნატივა იმ ავტორიტარიზმისა, საიდანაც ჩვენ გამოვედით.

ამ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით ყველაზე დიდი იარაღი, გამოდის, რომ ჩვენი პოლიტიკური სიტუაციაა, ის შეუთანხმებლობა, ის კონფლიქტია ჩვენს შორის, რაც არ გვაძლევს საშუალებას, როგორც ჩვეულებრივი ევროპული საზოგადოება დიალოგში შევიდეთ და რამე კონსენსუსური გადაწყვეტილებები მივიღოთ.

ახლა, მაგალითად, რაკეტები რომ გვესროლონ ან ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რუსული ბაზებიდან რომ დაიძრას სამხედრო ძალები, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ, განსაკუთრებით იმ რიტორიკის ფონზე, რასაც თქვენ იყენებთ მთავარი ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ. ნუთუ, მართლა ფიქრობთ, რომ ჩვენი სამხედრო ძალები იქნებიან ისინი, ვინც გაგვიჩერებენ მტერს და მერე მოგვცემენ საშუალებას, ამ ქვეყანაში მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება.

იმ ტოტზე, რომელზეც ვზივართ და რომელიც არის დასავლეთი, რატომ ხერხავთ? მხოლოდ იმიტომ, რომ, თქვენი წარმოდგენით, ვიღაცას ჭირდება აქ ხელისუფლება შეცვალოს და ჩვენ დავიწყოთ უკრაინის წინააღმდეგ ომი. იმის მიუხედავად, რომ ეს ნარატივი თქვენი მედიასაშუალებებით ტრიალებს, ვერ დააჯერეთ ადამიანებს. არავის არ სჯერა, რომ ამერიკელებს უნდათ, აქ, თბილისში, ბომბები გვაცვივდეს თავზე. ამ აქციებმაც დაადასტურა, რომ ეს არავის სჯერა", - თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა. მან პრემიერი გააკრიტიკა პარლამენტში დღეს გაკეთებული ანტიდასავლური, სიძულვილის შემცველი განცხადებების გამო და თქვა, რომ ამბავი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი წლიდან წლამდე ჰყვება, უკვე ყველამ ზეპირად იცის ამ ქვეყანაში.

"ერთი და იგივე მოთხრობა, ბატონო ირაკლი, რამდენი წელი შეიძლება მოგვიყვეთ. ზეპირად ვიცით, მეც შემიძლია, სისხლიანი 9 წელი, ვიცით როგორ ცუდად იქცეოდნენ, მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა, ყველაფერი გაგვეჭედა თავში. მოვრჩეთ ამას და მხოლოდ ამის დამთავრებით გაიზრდება ჩვენი უსაფრთხოება, შეიძლება საზოგადოებად გადავიქცეთ", - თქვა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილმა აქცია "შინ ევროპისკენ" და მარტის პროტესტი ქვეყანაში ომის დაწყების სურვილს დაუკავშირა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 24 მარტს, ინტერპელაციის წესით დაიბარეს პარლამენტში, სადაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

შესავალი სიტყვით გამოსვლის დროს, მან ოპოზიცია ევროინტეგრაციის პროცესში უმოქმედობაში დაადანაშაულა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად "ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს", ოპოზიცია კი "ანტიევროპული ძალაა".