საქაერონავიგაცია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავის დაშვებაზე განმარტებას ავრცელებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი

საქართველოს საქაერონავიგაციის განცხადებით, "შპიგელის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა, არასწორია. ეს არის პირველი ოფიციალური განცხადება, რომელიც ამ საკითხზე გაკეთდა.

"დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული - ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება", - წერია განცხადებაში.

გერმანული გამოცემის, Spiegel-ის ინფორმაციით, სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა, თბილისის აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაეშვა, რადგან მანამდე ასაფრენი ზოლი სხვა თვითმფრინავის მიერ იყო დაბლოკილი.

ასევე ნახეთ Spiegel: ანალენა ბერბოკის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს წუხელ ეწვია. ანალენა ბერბოკმა ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო.