გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტისას პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში ესწრებოდნენ ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე და "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი თამარ ხიდაშელი.
სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ანალენა ბერბოკი კომენტარის გარეშე გაემართა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართველ კოლეგასთან შესახვედრად, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა კი მედიასთან კომენტარში თქვეს, რომ საუბრის მთავარი თემები იყო მედიისა და მართლმსაჯულების მდგომარეობა საქართველოში და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
"ჩვენ გავუზიარეთ მას ჩვენი შეფასებები და სურვილები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით", - უთხრა ჟურნალისტებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.
"მთავარი გზავნილი ჩვენი მხრიდან იყო ის, რომ შეიძლება არსებობდეს პრობლემები 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით, მაგრამ საქართველოს და ქართველ ხალხს სჭირდება სტატუსი", - თქვა მედიასთან "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ. მან აღნიშნა, რომ ანალენა ბერბოკი კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც შეხვედრის ხარისხზეც აისახა. დოლიძის თქმით, გერმანელ მინისტრს აინტერესებდა, რამდენად არის არასამთავრობო სექტორი ჩართული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში.
"ძირითადად ინტერესის საგანი იყო საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და კანდიდატის სტატუსის მოლოდინში 12 რეკომენდაციის შესრულება, რა ეტაპზეა ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რამდენად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ქართველი ხალხი დგას ქუჩაში ევროპული არჩევანის დასაცავად. იყო ძალიან კარგი შეხვედრა, იმიტომ რომ მინისტრიც კარგად იყო ინფორმირებული და ფაქტობრივად, გამოხატა მისი მხარდაჭერა და გვერდზე დგომა ქართველი ხალხის მიმართ ამ პროცესებში", - ასე შეაჯამა შეხვედრაზე განხილული თემები ნინო დოლიძემ.
"ეს შეხვედრა იყო მხარდაჭერა სამოქალაქო სექტორის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ვესწრებოდით, ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი მხარდაჭერა, ეს იყო მხარდაჭერა მთელი არასამთავრობო სექტორის მიმართ. რა თქმა უნდა, მადლობა გვითხრა იმ ბრძოლისთვის, რასაც ვაკეთებთ... ზოგადად რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის... ეს იყო საუბრის თემა. კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ქართველმა ხალხმა ეს გზავნილი გააგზავნა მკაფიოდ არაერთხელ, მათ შორის ბოლო დემონსტრაციების დროს", - უთხრა ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს "რუსული კანონიც" და ის პროცესებიც, რაც მის პირველი მოსმენით მიღებას უძღოდა და ის პროტესტიც, რამაც კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა მმართველი პარტია.
ეკა გიგაურის თქმით, ბერბოკის ვიზიტი საქართველოში არის მისი მხარდაჭერა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ და მცდელობა, დაეხმარონ ქვეყანას იმ გზების პოვნაში, რომლებიც ხელს შეუწყობს მის გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში.
დღეს საქართველოში მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქართველი კოლეგის გარდა, ხვდება პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, სტუდენტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს და აპირებს ჩავიდეს საოკუპაციო ხაზთან.
ასევე ნახეთ Spiegel: ანალენა ბერბოკის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა