რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.
„ვესაუბრე უმაღლესი დონის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებსაც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ, არის საჰაერო მიმოსვლა და რუსეთში ვიზების გაუქმება. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების "ზღურბლთან" ვართ“, - ამის შესახებ დეპუტატმა ისაუბრა ეკონომიკურ ფორუმზე, რომლის სახელწოდებაცაა „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“.
კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ მისთვის რთულია თქვას, როდის იქნება ეს გადაწყვეტილებები და რა თანმიმდევრობით, წერს TASS-ი
ფორუმზე რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დმიტრი ვოლვაჩიც გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა 2022 წელს, მისმა წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 16%-ს გადააჭარბა.
ვოლვაჩმა განაცხადა, რომ იგეგმება საქართველოში რუსეთის სტანდარტების შესაბამისი ღვინის სერტიფიცირების ლაბორატორიის შექმნა, „რაც პერსონალის სწავლებისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართული ღვინის მეორადი სერტიფიცირების აღმოფხვრის საშუალებას მისცემს“.
ვოლვაჩის თქმით, მეორე ინიციატივაა, მიდგომის ჩამოყალიბება „რუსეთში იმპორტისთვის აკრძალული პროდუქციის სიიდან საქართველოდან იმპორტირებული კონიაკის სპირტის გამორიცხვის ამოცანისადმი“.
ასევე ნახეთ ფრენების აღდგენის მოთხოვნით რუსეთს საქართველომ მიმართა - ვლადიმირ ჯაბაროვირადიო თავისუფლება კომენტარისთვის საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს დაუკავშირდა, უწყებებისგან მიღებული პასუხების შესაბამისად მასალა განახლება.
18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების სწრაფად აღდგენის იმედი გამოთქვა. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლების წინააღმდეგია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობა ექნება რუსეთთან, თუმცა აღნიშნა, რომ პოზიცია ევროკავშირთან თანხვედრაში უნდა იყოს.
პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.
პუტინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები. საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება და საპროტესტო აქცია გამოიწვია პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მონაწილეობამ და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ.